პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, აფხაზეთის ომის ვეტერანისთვის, გია ბარამიძისთვის ბრალის წარდგენა სრული სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური აბსურდია.
მისივე თქმით, ბარამიძემ მომხდართან დაკავშირებით უკვე გააკეთა ვრცელი განმარტება.
"ბატონმა გიორგი ბარამიძემ ამ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა ვრცელი განცხადება, თუმცა ასევე შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ სამართლებრივი, მორალური და პოლიტიკური აბსურდი არის ის, რომ ბრალი წარუდგინო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ, ომის ვეტერანს, აფხაზეთის ომის მონაწილეს, ბატონ გიორგი ბარამიძეს," - აცხადებს გიორგი კაპანიძე.
ცნობისთვის, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართული მხარე სამხედრო ტყვეებს ხვრეტდა, რასაც საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტი მოჰყვა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ომის საწყის ეტაპზე ტყვეებს არა ქართული ჯარი, არამედ ოჯახის წევრების დაკარგვით გამწარებული ხალხი ხოცავდა. აღნიშნულ განცხადებებს მმართველ გუნდსა და ვეტერანთა ორგანიზაციებში ქართული ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.