მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან მივიდნენ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმესი დღეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და სამშობლოსთვის შეწირული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
შვილის გმირობასა და წლების შემდეგაც გაუნელებელ ტკივილზე ომში დაღუპული კაპიტნის დედამ, ლეილა თანდაშვილმა ისაუბრა.
"18 წელი გავიდა, მაგრამ 18 კი არა, 20 წელიც რომ გავიდეს, ეს ჩემთვის მტკივნეულია. მე ღირსეული ვაჟკაცის დედა ვარ - კაპიტანი ალექსანდრე თანდაშვილი, რომელმაც ღირსეულად შესწირა თავი სამშობლოს, დააფასეთ. ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ, ჩემნაირ დედებს ეცით პატივი და თქვენ, ახალგაზრდებს, გახსოვდეთ ჩვენი გმირები, შვილებო," - აღნიშნა ლეილა თანდაშვილმა.
გარდაცვლილი ძმის ხსოვნასა და საზოგადოების მხრიდან გამოჩენილ მხარდაჭერაზე ომში დაღუპული კაპრალის დამ, დარეჯან ჯიქიამ ისაუბრა.
"მიუხედავად იმისა, რომ 18 წელი გავიდა, ძალიან ტკივილიანია. ამავდროულად, ამაყი ვარ, რომ ასეთი დაფასება აქვს ჩემს ძმას - მოდიან, პატივს მიაგებენ და ყველა წელს ასე იხსენებენ. 2008 წელს დაიღუპა, 8 აგვისტოს გამთენიისას, თამარაშენში დაბომბვის დროს," - აღნიშნავს დარეჯან ჯიქია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ტრადიციულად, ყოველი წლის 8 აგვისტოს, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ვეტერანები და ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იკრიბებიან, რათა პატივი მიაგონ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.