11 ნოემბერი 2026,   10:49
ვრცლად
გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლანჭოუს უნივერსიტეტს (Lanzhou University – LZU) ესტუმრა.

მინისტრს ლანჭოუს უნივერსიტეტის პარტიის კომიტეტის მდივანმა პროფესორმა მა სიაოძიემ და უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა იან იონგფინგმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობისა და მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას, უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირების გაფართოებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს.

აღინიშნა, რომ ლანჭოუს უნივერსიტეტს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, რაც ქმნის მყარ საფუძველს არსებული პარტნიორობის განვითარებისთვის.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს ქართულ უნივერსიტეტებში მოქმედი კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ინსტიტუტების როლს ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის, აკადემიური ურთიერთობების გაძლიერებისა და ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაფართოების მიმართულებით.

საუბარი შეეხო ლანჭოუს უნივერსიტეტსა და ალტე უნივერსიტეტს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას კონფუცის ინსტიტუტის ბაზაზე და სხვადასხვა აკადემიური მიმართულებით მისი გაფართოების შესაძლებლობებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჭოუს უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

დღის ამბები