08 ივნისი 2026,   17:19
ვრცლად
ყავის შეფუთვაში დამალული კოკაინის საქართველოში შემოტანას, თურქეთის მოქალაქე ცდილობდა

ყავის შეფუთვაში დამალული კოკაინის შემოტანას საქართველოში, თურქეთის მოქალაქე ცდილობდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი სამგზავრო ავტობუსის სპეციალურ სამალავში იყო მოთავსებული. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი საქმე გახსნეს.

თურქეთის მოქალაქემ მემიშ ალი ავჯიმ, კოკაინის საქართველოში შემოტანა ვერ მოასწრო. 67 წლის მამაკაცს, რომელიც სამგზავრო ავტობუსს მართავდა, სამართალდამცველებმა ხელბორკილები სარფის გამშვებ პუნქტზე დაადეს.

დაკავებული ნარკოდანაშაულის არ აღიარებს. 67 წლის კაცის ამბობს, რომ მას სამალავში დამალულ კოკაინთან კავშირი არ აქვს და არც მისი არსებობის შესახებ იცოდა რამე. თურქეთის მოქალაქის პოზიცია დღეს მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა.

რა კავშირი აქვს 67 წლის თურქეთის მოქალაქეს ნარკოტიკის საქართველოში შემოტანასთან, ეს სასამართლო განხილვების დროს გაირკვევა. სამართალდამცველები ახლა იმის დასადგენად მუშაობენ, იყვნენ თუ არა ნარკოდანაშაულის სქემაში სხვა პირებიც ჩართულები.

თეთრი ფერის სამგზავრო ავტობუსი საქართველოს ტერიტორიაზე გამთენიისას შემოვიდა. მებაჟე ოფიცრებმა შემოწმებისას ავტომობილის ტვირთი საეჭვოდ მიიჩნიეს, დეტალურად დაათვალიერეს და სამალავში დამალული ნარკოტიკული ნივთიერება სპეციალურ სკანერზე გამოჩნდა.

მებაჟე ოფიცრებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა სამალავიდან 150 გრამი კოკაინი ამოიღეს. საპოლიციო ღონისძიება თურქეთის მოქალაქის დასაკავებლად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ნარკოდანაშაულის ფაქტზე გამოძიება კოკაინის შეძენა შენახვის და საქართველოში შემოტანის მუხლებით გრძელდება. ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები