2 600 ლოკაცია, 50 შტატი და 7 მილიონი დემონსტრანტი. "არა მეფეებს", "ამერიკას არ ჰყავს მეფე, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს" - ამ ლოზუნგებით გამართულ დემონსტრაციებზე ამერიკის ყველა შტატში მოქალაქეებმა დონალდ ტრამპის იმიგრაციის, განათლების და უსაფრთხოების პოლიტიკა გააპროტესტეს.
ქალაქებში და დასახლებებში მასშტაბური დემონსტრაციები "შათდაუნის" ფონზე იმართება. 20 დღეა, ქვეყანაში არ ფუნქციონირებს მთავრობა. პროტესტის კიდევ ერთ მიზეზად არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდები სახელდება.
ვაშინგტონში დემონსტრაციას ბერნი სანდერსი შეუერთდა, ვერმონტის შტატის წარმომადგენელმა მოქმედი პრეზიდენტი ავტორიტარიზმში დაადანაშაულა. დამოუკიდებელი სენატორის განცხადებით, ტრამპის გავლენა პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს უფრო გაიზარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია ჩიკაგოში გაიმართა. 250 000-მდე მოქალაქემ, ანტისაიმიგრაციო რეიდებისთვის, თვის დასაწყისში, ქალაქში ეროვნული გვარდიის გადასროლა მასშტაბური მსვლელობით გააპროტესტა.
თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პროტესტს სოციალურ ქსელშ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული 19 წამიანი ვიდეორგოლით გამოეხმაურა. კადრებში ის სამეფო გვირგვინით გამანადგურებელ თვითმფრინავს მართავს, რომელსაც აწერია - "მეფე ტრამპი". ვიდეოში ტრამპი გადაუფრენს მის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციას და აქციის მონაწილეებს თვითმფრინავიდან ფეკალიებს უშენს.
საკითხზე კიდევ ერთი განმარტება ტრამპმ, დღეს, "ეარ ფორსის" ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და თქვა, რომ "მეფე არ არის", მის წინააღმდეგ პროტესტს კი სოროსი და "მემარცხენე რადიკალები" აფინანსებენ.
მემარცხენე ჯგუფებისგან შემდგარმა მოძრაობამ, "არა მეფეების" მსგავსი დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით ივნისშიც გამართა, მაშინ ქვეყნის მასშტაბით აქციებს 5 მილიონი მოქალაქე შეუერთდა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე