19 აგვისტო 2026,   00:00
ვრცლად
აფხაზეთთან დაკავშირებული პროვოკაციული გზავნილები ოპოზიციისგან - უმრავლესობის განცხადებით, ანტისუვერენული გზავნილები მაშინ გააქტიურდა, როდესაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივა გამოჩნდა

მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის ახალი მიზანი მას შემდეგ გაიშიფრა, რაც ყოფილმა და მოქმედმა "ნაციონალებმა" აფხაზეთზე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთება დაიწყეს. ერთ-ერთი მათგანი ნიკა გვარამიაა - მან აფხაზეთს "წარსულის ტკივილი" უწოდა და, სომხეთის მაგალითზე, ისტორიული მეხსიერების მოკვეთის აუცილებლობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა, ვინც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას აფერხებს, გარე დავალებას ასრულებს.

ნიკა გვარამიას განცხადებაზე კითხვები მისივე პარტიის წევრებსაც დავუსვით. "კოალიცია ცვლილებისთვის" ამტკიცებს, რომ საზოგადოებამ ნათქვამი არასწორად გაიგო.

მოვისმინეთ და ვნახეთ - ინტერვიუს ჩანაწერში გვარამია, აფხაზეთზე საუბრისას, სომხეთის გადაწყვეტილებებს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სწორედ ტრავმული ისტორიული მეხსიერებისგან გათავისუფლების სამაგალითო ნაბიჯად განიხილავს.

გვარამიასთან ერთად იყო სალომე სამადაშვილის განცხადებაც. "ლელოს" წევრი ამტკიცებდა, რომ საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიმზიდველ ალტერნატივას ვერ ქმნის. ნათქვამს საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა არა "ნაციონალური მოძრაობისგან". სააკაშვილის პარტიაში ამ საკითხზე ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას საჭიროდ არ მიიჩნევენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ანტისუვერენული გზავნილები სწორედ მაშინ გააქტიურდა, როდესაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივა გამოჩნდა. კანონმდებლების შეფასებით, ეს პოზიციები ხელს მხოლოდ მტრულ ძალებს აძლევს, ოპოზიციის მიზანი კი შერიგების პროცესის შეფერხება და ქვეყანაში მუდმივი დესტაბილიზაციაა.

აფხაზეთთან დაკავშირებული პროვოკაციული გზავნილები ოპოზიციისგან უკვე ერთი თვეა ისმის. გვარამიასა და სამადაშვილის განცხადებებს წინ გიორგი ბარამიძის კიდევ უფრო მძიმე ბრალდება უძღოდა - მან ქართველ სამხედროებს, შემდეგ კი მთლიანად ქართველ ხალხს, აფხაზი ტყვეების დახვრეტა დააბრალა. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები