28 ნოემბერი 2026,   11:10
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გორში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გორში, შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ხეხილის თანამედროვე წარმოების მიდგომებისა და ციფრული აგრომეტეოროლოგიური პლატფორმის შესაძლებლობების შესახებ ფერმერებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, ზვიად ბობოქაშვილმა, მონაწილეებს ხეხილის ახალი ჯიშები და თანამედროვე ბაღების გაშენების, სხვლა-ფორმირებისა და მოვლის აგროტექნოლოგიები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ბაღის სწორად ფორმირების, აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და მოსავლის ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების საკითხებზე.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისის (GECSA) გაცნობა და მისი პრაქტიკული გამოყენება იყო. ფერმერებმა მიიღეს ინფორმაცია პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ამინდის პროგნოზის, კლიმატური რისკების შესახებ შეტყობინებების, მავნებელ-დაავადებების მოსალოდნელი გავრცელებისა და კულტურებზე მორგებული აგრონომიული რეკომენდაციების შესახებ. აღინიშნა, რომ აღნიშნული სერვისები ფერმერებს კლიმატურ პირობებთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაგეგმვაში ეხმარება.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.

დღის ამბები