19 აგვისტო 2026,   01:40
ვრცლად
ევროპის კონტინენტს კვლავ ცეცხლის სტიქია უტევს - არაერთ ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული ზომებია ამოქმედებული

"სამარცხვინო!", "არარაობა!" - ამ შეძახილებით დახვდა ხანძრით დაზარალებული კომუნის, ლე-პორჟის, მოსახლეობა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს. ადგილობრივებმა, ტრაგედიის ნიშნად, შავი ტანსაცმელი ჩაიცვეს და მთავრობისგან მხარდაჭერა მოითხოვეს, თუმცა მათ მოსასმენად პრემიერის კორტეჟი არ შეჩერებულა. პოლიციამ შეკრებილები არც იმ შენობაში შეუშვა, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი უწყებების წარმომადგენლებს ხვდებოდა.

ახალი აკვიტანიის დეპარტამენტი ერთ-ერთია, რომლის დასახლებებსაც ორი კვირის წინ მასშტაბურმა ხანძარმა გადაუარა. ფრანგული მედიის შეფასებით, სტიქიიდან ორი კვირის შემდეგაც გადაუჭრელი რჩება მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ზარალის ანაზღაურების საკითხი. ადგილობრივები ხელისუფლებას ხანძარზე დაგვიანებულ და არაეფექტიან რეაგირებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ვერსიით, ხანძრის ლოკალიზებისას მთავრობამ, საცხოვრებელი უბნების დაცვაზე მეტად, ტურისტული და კომერციული ზონების შენარჩუნებაზე იზრუნა.

ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული მეზობელ ბელგიაში. მეხანძრე- მაშველები, პოლიციელები, მოხალისეები და ადგილობრივები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს, უკვე მეხუთე დღეა, ებრძვიან. ცეცხლი გერმანიის საზღვართან, ჰაი-ფენსის ნაკრძალში, 3 000 ჰექტარზე გავრცელდა. საფრთხის გამო, გერმანიის ხელისუფლებამ მიმდებარე ქალაქიდან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. საკუთარი სახლების დატოვება ბელგიის რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებსაც მოუწიათ.

რეკორდული ტემპერატურისა და ხანგრძლივი გვალვის ფონზე გაჩენილ ხანძრებს გერმანიის რეგიონებშიც ებრძვიან. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, რაინლანდ-პფალცში, ზაარლანდში, ბადენ-ვიურტემბერგში და ბავარიაში ხანძრების ლოკალიზებაში, მეხანძრეებთან ერთად, არმიაც არის ჩართული. სამხედრო ქვედანაყოფები პრობლემურ მონაკვეთებზე ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებს ქმნიან და რთულ რელიეფზე მძიმე ტექნიკის გადაადგილებისთვის მისასვლელ გზებს ამზადებენ.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა საბერძნეთში. ყველაზე მძიმე ვითარება ახლა ათენის მახლობლად, სალამინაზეა. კუნძულზე ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა შორის არიან ადგილობრივები და მეხანძრეები. მოსახლეობის ევაკუაციას საზღვაო მარშრუტით ცდილობენ.

ევროპის არაერთ ქვეყანაში, მასშტაბური ხანძრების გამო, სამოქალაქო თავდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული ზომებია ამოქმედებული. ოფიციალური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან სტიქიამ კონტინენტზე უკვე 600 000-მდე ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. მეცნიერები ვითარებას ადამიანის მავნე ტექნოგენური ზემოქმედებით გამოწვეულ გლობალურ დათბობას უკავშირებენ.

 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები