უკრაინის სახალხო დეპუტატის, ფრაქცია "ევროპული სოლიდარობის" წევრის, სოფია ფედინას განცხადებით, მიმდინარე გამოწვევების ფონზე უკრაინის მოქალაქეებს ბევრ კრიტიკულ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, არსებული ვითარება მოითხოვს მკაფიო პრიორიტეტების დასახვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
''ძალიან ბევრ უკრაინის მოქალაქეს ვესაუბრები - ბოლო რამდენიმე თვეა, მათი მთავარი კითხვა, რომელსაც საუბრის დასაწყისშივე სვამენ, ასეთია: „რა იქნება შემდეგ? როგორ გადავრჩეთ? როგორ უნდა გაუძლოს ჩვენმა სახელმწიფომ და რას ფიქრობს ხელისუფლება?“
ადამიანებს აინტერესებთ, როგორ გადაიტანენ ამ ზამთარს, შევძლებთ თუ არა პუტინის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ექნებათ თუ არა საკმარისი ფული საკუთარი შვილების გამოსაკვებად, ან იქნებ უკვე დროა, ქვეყნიდან წავიდნენ.
რა იქნება შემდეგ? ექნებათ თუ არა სამხედროებს სათანადო უზრუნველყოფა?
ასეთი კითხვები უამრავია, პასუხები კი - არ არის. იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეშინია საკუთარ მოქალაქეებთან საუბრის. ხელისუფლებას ურჩევნია სხვადასხვა საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში ისაუბროს, მაგრამ აქ, უკრაინაში, საზოგადოებასთან გულწრფელი დიალოგი არ არსებობს და არც იგეგმება.
თუ ყველაფერს ფართო სურათიდან შევხედავთ, ახლა ერთგვარ შეუქცევად ეტაპზე ვიმყოფებით.
თუ ამ მომენტში პრიორიტეტებს არ განვსაზღვრავთ და მათ მკაფიოდ არ მივყვებით, სახელმწიფოებრიობისა და, საბოლოოდ, თავად სახელმწიფოსა და ერის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ." - აცხადებს ფედინა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე