19 აგვისტო 2026,   19:15
ვრცლად
იტალიასა და გერმანიას შორის მიგრანტებზე პასუხისმგებლობის აღების საკითხზე დავა სულ უფრო მწვავდება - იტალია გერმანიისგან ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს

იტალიასა და გერმანიას შორის, მიგრანტებზე პასუხისმგებლობის აღების საკითხთან დაკავშირებით დავა სულ უფრო მწვავდება. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კერძო სამაშველო გემების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა და გერმანიისგან ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს.

რომის ცნობით, მას შემდეგ, რაც იტალიის პრემიერ-მინისტრმა - ჯორჯია მელონიმ 2022 წლის ოქტომბერში თანამდებობა დაიკავა, გერმანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, იტალიის პორტებში დაახლოებით 22 500 მიგრანტი შეიყვანეს. საერთო ჯამში, ამ პერიოდში, კერძო სამაშველო გემებით, იტალიაში სულ 42 300 ადამიანი ჩავიდა.

იტალიის მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩასულთა ნახევარზე მეტი გერმანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ჩაიყვანეს.

მედიის ცნობით, კიდევ 4 500 ადამიანი იტალიაში სხვა ევროპული ჰუმანიტარული ორგანიზაციების კუთვნილი გემებით ჩავიდნენ, თუმცა ეს გემები გერმანიის დროშის ქვეშ დაცურავდნენ.

შესაბამისად, რომის მონაცემებით, კერძო სამაშველო გემებით იტალიაში ჩასული მიგრანტების რაოდენობაში, გერმანიის წილი თითქმის ორ მესამედს შეადგენს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო პიანტედოზი, გერმანიას ფინანსური დახმარების გაწევისკენ მოუწოდებს.

პიანტედოზიმ განაცხადა, რომ იტალიას არ სურს გერმანიიდან იმ მიგრანტების დაბრუნების საკითხის განხილვა, რომლებიც პირველად ევროკავშირში იტალიის გავლით შევიდნენ, სანამ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი არ მოგვარდება.

 

 

 

დღის ამბები