ერთი მაგიდის ირგვლივ, ერთიანობის პირობით, 9 ოპოზიციური პარტია 6 თვის წინ გაერთიანდა, თუმცა ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებში" ბზარის გასაჩენად 2 კვირაც საკმარისი აღმოჩნდა, ოპოზიციური ერთობის პროექტი კი ილუზიად დარჩა. არ აღიარებენ, თუმცა ალიანსის დაშლა ალიანსის საქმიანობითაც დასტურდება. ბოლო 2 თვეა, ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" შორის არც შეხვედრა გამართულა, არც ერთობლივი ბრიფინგი ჩატარებულა და ოფიციალურ გვერდზე Facebook-პოსტებიც აღარ გასაჯაროებულა. ოპოზიციური "ცხრიანი" რვიანად "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია, თუმცა სააკაშვილის გუნდში მაინც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ალიანში რჩებიან.
ხატია დეკანოიძეს ინფორმაცია არა მხოლოდ ალიანსის შეხვედრების განრიგზე, არამედ, როგორც ჩანს, არც იმაზე აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ გაერთიანების ნაწილი აღარ არის. ეს დღეს თენგო თევზაძემ დაადასტურა - ღიად თქვა, რომ გაერთიანებაში კრიზისი და პრობლემებია.
ალიანსს მიღმა "ნაციონალური მოძრაობა" ციხეში მყოფმა ლიდერმა დატოვა. მიხეილ სააკაშვილმა შეთანხმების წესები არაერთხელ დაარღვია, კოლეგებს ბრძოლის სტრატეგია ბევრჯერ დაუწუნა და მათ "ლუზერობაზეც" მიუთითა. ადრესატების პასუხმაც არ დააყოვნა. "ყეყეჩი", "არარაობა", "მაოხრებელი გზირი" - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ჯერ ამ ეპითეტებით შეამკეს, შემდეგ კი მისი პარტია გაერთიანებიდან გარიცხულად გამოაცხადეს.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, შეურაცხმყოფელი განცხადებების ადრესატი მისი პარტიის წევრებიც ბევრჯერ გახდნენ, მათ შორის ანა წითლიძე, რომელიც ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" გაერთიანების იდეას პირველივე დღიდან სკეპტიკურად უყურებდა.
ოპოზიციურ ალიანსს პოლიტიკური დიაგნოზი შექმნის დღესვე დაუსვა მმართველმა გუნდმა - დროებითი ერთობა, რომელსაც პოლიტიკური მომავალი არ აქვს. სახელისუფლებო პარტიისთვის ოპონენტების გამოცდილება და უახლესი წარსული აჩვენებს, რომ მათი ნებისმიერი გაერთიანების ფინალი შეურაცხყოფით, ურთიერთბრალდებებით და პოლიტიკური გზების გაყოფით სრულდება.
ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" გაერთიანებაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ალიანსის წევრები არა ქართველ ხალს, არამედ უცხო სახელმწიფოებს ემსახურებიან. მთავრობის მეთაურისთვის დემოკრატიული სისტემის შექმნის გზა პოლიტიკური ველის აგენტურული ქსელისგან გათავისუფლებაზე გადის.
ხანგრძლივი ერთობის იდეით, 6 თვის წინ გაერთიანდნენ, 5 თვეზე მეტი დაპირისპირებაში გაატარეს და ბოლოს დაიშალნენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე