18 აგვისტო 2026,   22:57
ვრცლად
ირაკლი კობახიძის თქმით, ერეკლე მეორემ საქართველოს დემოგრაფიული, ქრისტიანული და ევროპული მომავალი შეუნარჩუნა - მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მე-18 საუკუნეში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების პრაგმატული ხედვა

"შეიძლება თუ არა, გვქონდეს ილუზია, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ რომელიმე სხვა ძალა საქართველოს საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს?", - კითხვა რიტორიკულია, პასუხი - ცალსახად უარყოფითი. საკუთარ ინტერესებს სხვების წინ არავინ აყენებს - საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპის ისტორიული მაგალითებით ახსნა პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ, აგვისტოს ომის 18 წლის თავზე გააქტიურებული დისკუსიის შემდეგ ჩათვალა, მათ შორის დღევანდელი პოლიტიკურ-იდეოლოგიური გადმოსახედიდან, გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობის განხილვის გამო. გეოპოლიტიკური გარემო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის ბედს განსაზღვრავს - ირაკლი კობახიძის თქმით, ერეკლე მეორემ თავის დროზე რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რისკების მიუხედავად, საქართველოს დემოგრაფიული, ქრისტიანული და ევროპული მომავალი შეუნარჩუნა და სახელმწიფო დღესაც, ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგულია.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მე-18 საუკუნეში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების პრაგმატული ხედვა და არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების სწორად შეფასება.

განსხვავებულია ხელისუფლები ოპონენტების შეფასებები. ოპოზიციის ნაწილმა დღეს პოლიტიკური პოზიცია ვერ დამალა და ისტორიული გადაწყვეტილების ხისტ რევიზიასაც არ მოერიდა, ნაწილმა კი აღიარა, რომ თავის დროზე საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ჰქონდა, თუმცა დღეს ვითარება შეცვლილია.

ერეკლე მეორის გადაწყვეტილების კრიტიკოსებს ე.წ. ფსევდოლიბერალებს უწოდებს სახელისუფლებო გუნდი, მათი თქმით, პარადოქსია, ერთის მხრივ პროევროპელად პოზიციონირებდე, მეორე მხრივ კი უგულებელყოფდე ფაქტს, რომ სწორედ მაშინდელმა ცივილიზაციურმა არჩევანმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცეში დარჩენის შესაძლებლობა. პრემიერ-მინისტრმა ოპონენტებს დღეს, მაშინდელი რეალობის უკეთ აღსაქმელად, შეახსენა ისიც, რომ პირად ინტერესებს სხვის სასარგებლოდ არავინ თმობს და სწორედ საკუთარი ინტერესების დაცვის გამო მიიღო საქართველომაც უსამართლო დამოკიდებულებები შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციისა და ევროკავშირისგან.

საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები რომ სხვა ქვეყნების კეთილ ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება, ეს პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის მაგალითზეც ახსნა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს აგვისტოს ომის მოვლენებსა და სააკაშვილის პოლიტიკაზე საუბარი არ ისურვეს, რაც "ქართული ოცნებისთვის" გასაკვირი არ ყოფილა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ, სხვების მითითების ნაცვლად, საკუთარი სახელმწიფო ინტერესებით მოქმედების აუცილებლობას უახლესი ისტორიული მოვლენებიც ადასტურებს.

გარე ძალების პოლიტიკის გათვალისწინების შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა დღეს სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების კონტექსტში ისაუბრა და 2008 წლის ომს მნიშვნელოვანი გაკვეთილი უწოდა.

რა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საგარეო ურთიერთობებში, როდესაც ყველა ქვეყანა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს? - პრემიერ-მინისტრის ვრცელი ბრიფინგი დღეს სწორედ ამ საკითხის ისტორიული მაგალითებით განმარტებას მიეძღვნა.

დღის ამბები