29 ნოემბერი 2026,   16:47
ვრცლად
ონი–საკაოს საავტომობილო გზაზე მეწყერისა და ლოდების ცვენის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა - ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება

ონი–საკაოს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ქვის ლოდების ინტენსიური ცვენის გამო, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა ორივე მხრიდან შეზღუდულია - ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეწყრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი ბოძი, რის გამოც შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

"სტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. მათ ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს და ალტერნატიული შემოვლითი გზის შესაძლო მარშრუტი დაათვალიერეს.

გეოლოგების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემდეგ, დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილთან სატრანსპორტო კავშირი შეზღუდული აქვს ოთხ სოფელს: საკაოს, მაჟიეთს, ბორცოსა და ხიდეშლებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კავშირზე არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უზრუნველყოფენ", - აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები