უკრაინაში ანტიკორუფციული უწყებები მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებენ. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა დეპუტატების და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.
სამართალდამცველების განცხადებით, საქმე დანაშაულებრივ ორგანიზაციას ეხება, რომელსაც მოქმედი და ყოფილი დეპუტატები ხელმძღვანელობდნენ. ოფიციალური ვერსიით, ისინი პრეზიდენტის ოფისის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იყვნენ დაკავშირებული.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრას სახლში და სამუშაო სივრცეში. ანტიკორუფციულმა უწყებებმა ფიგურანტების საუბრის აუდიოჩანაწერიც გაავრცელეს. საქმეზე დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"НАБУ-მ, პროკურატურასთან ერთად, გამოავლინა პირთა ჯგუფი, რომელმაც დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების ლეგალიზება უზრუნველყო. საუბარია 150 მილიონ უკრაინულ გრივნაზე, რომელიც "მიდასის" საქმეზე ერთ-ერთი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის გირაოსთვის გადაიხადეს. სქემის ასამუშავებლად, ჯგუფმა სახელმწიფო ბანკი გამოიყენა", - აცხადებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) დირექტორი მიჰაილო რომანიუკი.