7 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, სადაც ამ თემაზე განსხვავებული პოზიციებია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
სხვა ბარიერგადალახული პარტიები კი ჯერჯერობით საბოლოო პოზიციაზე შეჯერებულები არ არიან და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებენ.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", ლანა გალდავა ამბობს, რომ მზადყოფნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით აქვთ.
"რაც შეეხება ჩვენს მზაობას არჩევნების მიმართულებით, პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა იყოს ფორმაში და მზადყოფნაში და ჩვენ გვაქვს ასეთი მზადყოფნა - ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით," - ამბობს ლანა გალდავა.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ არჩევნების კონტექსტში საუბარი მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნაზეა შესაძლებელი.
"დღესდღეობით თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. ეს არ არის აქტუალური საკითხი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სინდისის პატიმრებზე, არჩევნების კონტექსტში ჩვენ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნაზე," - ამბობს ტატა ხვედელიანი.