26 აგვისტო 2026,   21:25
ვრცლად
"საქართველო დგას თავის სიმაღლეზე, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს არის იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულის მანძილზე" - მამუკა მდინარაძე

"საქართველო დგას თავის სიმაღლეზე", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბრიტანეთში, თემთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მსჯელობას.

მდინარაძის თქმით, საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობა არის ისეთ დონეზე, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა და ეს დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.

"საქართველო დგას თავის სიმაღლეზე - მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს არის იმ დონეზე, რაც არ ყოფილა წინა ათწლეულის მანძილზე და ეს არის ძალიან კარგი რამ, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში წყდება ქართველების ბედი და არა რომელიმე ქვეყნიდან. ეს იქნება ჩრდილოეთი, დასავლეთი თუ სამხრეთი.

არ აქვს მნიშვნელობა მიმართულებას, შენ შენი ბედი თავად უნდა გადაწყვიტო. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ამას ვახერხებთ. თუ დეოკუპაციაზე, დამოუკიდებელ მოქმედებებზე, ეკონომიკურ წინსვლაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ქვეყნის შიგნიდან და არა გარედან, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.

არ ვართ კმაყოფილი იმით, რაც დღეს გვაქვს, კიდევ უფრო გაზრდილი დამოუკიდებლობის ხარისხი ნიშნავს მეტ განვითარებას, მეტ სუვერენიტეტს, მეტი ეროვნული ინტერესის გატარებას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელეს. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ახსენა დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევები და ამის გამო შეშფოთება გამოთქვა.

სტივენ დაუთმა თქვა, რომ ბრიტანეთმა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა შეაჩერა, დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა, მათ შორის, სავიზო აკრძალვები და განაგრძობს მუშაობას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.

დღის ამბები