23 ივნისი 2026,   22:17
ვრცლად
უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან, 35 კილომეტრით წაიწიეს წინ - რა ვითარებაა ადგილზე

უკრაინის არმია კურსკის ოლქში წინსვლას განაგრძობს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან, 35 კილომეტრით წაიწიეს წინ.

უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ასობით რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს, - ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მიერ გავრცელებული ცნობით, უკრაინულმა არმიამ დაიკავა ოლქში მდებარე ბუნებრივი აირის მილსადენის სადგურიც, რომლითაც ევროპაში რუსული გაზის მიწოდება ხდება.

პარალელურად, რუსეთის ლიპეცკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა და ევაკუაცია გამოცხადდა. გასულ ღამეს რეგიონში მდებარე სამხედრო აეროდრომზე მასშტაბური აფეთქება მოხდა. შედეგად, 9 ადამიანი დაიჭრა. დრონებით შეტევის გამო განადგურებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია. აფეთქება იყო ბელგოროდის ოლქშიც, სადაც, ქალაქ შიბე-კინოში იერიშის შედეგად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურსკის ოლქში უკრაინის არმიის წინსვლის ფონზე, განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა იგრძნოს, რაც გააკეთა.

"მადლობელი ვარ ყველა მეომრის, ყველა ჯარისკაცისა და მეთაურის, რომელიც ჩვენი პოზიციების დაცვასა და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფს. უკრაინელებმა იციან, როგორ მიაღწიონ ომში საკუთარ მიზნებს, ეს ჩვენი არჩევანია. რუსეთმა ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე და უნდა იგრძნოს, რაც გააკეთა. ვცდილობთ, მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, რაც შეიძლება სწრაფად, სამართლიანი მშვიდობის პირობებში. ეს აუცილებლად მოხდება. მსოფლიო ხედავს, რომ უკრაინელებს ქვეყნისთვის სასურველი შედეგისთვის საკუთარი დროის ხარჯვა შეუძლიათ. ვუძლებთ და უკრაინას ახალ შესაძლებლობებს ვუქმნით," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რაც შეეხება კურსკის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებას, მათი თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია, რაც მათთვის რთული ამოცანაა, რადგან, მათი ინფორმაციით, უკრაინელები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისვრიან. 

"დავიწყეთ ხალხის ევაკუაცია. ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები ისროდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით, ესროდნენ სასწრაფო დახმარების მანქანას. არის შემთხვევები, როცა ექიმები დაიღუპნენ. სამაშველო სამუშაოებში ჩავრთეთ სოფლის საკრებულოს ადმინისტრაცია, სამხარეო ადმინისტრაცია და სახალხო რაზმები. რუსეთის რკინიგზასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, ჩამოვიდა სამი მატარებელი, რომლებშიც, დამატებით, 2 400 ადამიანის განთავსება შეგვიძლია და, ასევე, 8 დამატებითი მატარებელი, რომლებშიც შეგვიძლია ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოთ და მოვახდინოთ მათი სასწრაფო ევაკუაცია სარკინიგზო გზით," - აღნიშნა კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა

 

დღის ამბები