"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
მათივე თქმით, თეირანმა, შესაძლოა, გაამწვავოს და გააფართოოს თავდასხმები რეგიონში აშშ-ის სამხედრო გემებზე, თუ ვაშინგტონი ირანულ ტანკერებზე იერიშებს გააგრძელებს.
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის პრესმდივნის, ებრაჰიმ ზოლფაქარის განცხადებით, ირანი მზად არის აშშ-ის საკადრისი პასუხი გასცეს.
"ირანის გემების მიმართ მტრული დამოკიდებულება, დაუცველობა, შევიწროება და ირანის საზღვაო ბლოკადა თუ გაგრძელდება, ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ რეგიონში აშშ-ის სამხედრო გემების წინააღმდეგ დარტყმები უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ადრე და ასევე არსებობს მათი გაფართოების შესაძლებლობა", – განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის პრესმდივანმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა ტანკერებზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აშშ-ის საზღვაო ძალების ორ სამხედრო გემზე განახორციელა დარტყმა.