06 სექტემბერი 2026,   18:34
ვრცლად
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, პუტინთან ვიზიტის შემდეგ, კიევში "ნაყოფიერ შეხვედრებს" ელოდებიან - BBC

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოსკოვში, პრეზიდენტ პუტინთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინაშიც "თანაბრად ნაყოფიერ შეხვედრებს" ელიან. სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში დღეს ჩავიდნენ; მანამდე, შაბათს, მათ პუტინთან "შემდგომი ნაბიჯების შესახებ არსებითი გეგმები განიხილეს". ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს გეგმები, თუმცა უახლოეს კვირებში შესაბამისი განცხადებაა მოსალოდნელი, რადგან უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა აქტიურ ფაზაში შედის - წერს BBC.

ეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი მომლაპარაკებლების პირველი ვიზიტია უკრაინის დედაქალაქში. პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი შეთანხმდნენ, რომ სამი დღის განმავლობაში დარტყმებისგან თავს შეიკავებენ.

როდესაც ვიტკოფი და კუშნერი კრემლში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი "მზად იყვნენ საუბრისთვის".

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები, ადგილობრივი მედიის ცნობით, დახურულ კარს მიღმა სამ საათს გაგრძელდა. ორივე მხარემ შეხვედრა ზოგადად დადებითად შეაფასა, კონკრეტულ დეტალებზე საუბრის გარეშე.

პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა მოლაპარაკებები "კონსტრუქციულად და უკიდურესად გულახდილად" შეაფასა.

"მოლაპარაკებები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ უკრაინული კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გაცვლით. დეტალურად განიხილებოდა ეკონომიკური საკითხები და რუსეთ-ამერიკის პოტენციური მასშტაბური, ურთიერთმომგებიანი პროექტები", - განაცხადა მან.

უშაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა "კონფლიქტის ძირეული მიზეზები" უნდა განიხილოს.

დღის ამბები