05 სექტემბერი 2026,   22:19
ვრცლად
ყოფილი თანაგუნდელების ახალი ფრონტი - როგორ იქცა თანამშრომლობა პოლიტიკურ მტრობად ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის?

თუ რამდენიმე წლის წინ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის სანახავად კიევშიც კი ჩადიოდა, დღეს, როგორც ჩანს, ყოფილი თანაგუნდელის დანახვა რუსთავის ციხეშიც აღიზიანებს. როგორ იქცა თანამშრომლობა პოლიტიკურ მტრობად ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის, ეს უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ერთი ციხის ორი პატიმარი უკვე დიდი ხანია აღარ მეგობრობს.

ურთიერთბრალდებები, ძველი ცოდვების გახსენება, სიტყვიერი შეურაცხყოფა და Facebook-პოსტებით პაექრობა მელია-სააკაშვილის პოლიტიკურ ომში არავის უკვირს, თუმცა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი ამჯერად მისი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს გინებაში ადანაშაულებს.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პოლიტიკური სამიზნე პარტია "ახალი" და მისი წევრები უკვე დიდი ხანია არიან. მელიამდე იყო გვარამია, რომელსაც სააკაშვილი გაყიდულს, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები კი ტელევიზიების მძარცველს უწოდებდნენ. თავად ნიკა მელიას ყოფილი თანაგუნდელი და ამჟამად პოლიტიკური ოპონენტი მისი მხარდამჭერი აქციის მიზანმიმართულად დაშლაშიც ადანაშაულებდა. სააკაშვილის მორიგ პოლიტიკურ თავდასხმაზე კომენტარის გაკეთება პარტია "ახალში" დღეს არ ისურვეს.

მმართველი გუნდისთვის, პროცესი, რომელიც დღეს ოპოზიციურ ველზე ყოფილ თანამებრძოლებს შორის ვითარდება, ლოგიკურია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ძველი და ახალი ნაციონალები ახლა თვითმხილების რეჟიმში არიან, რაც უკვე დასუსტებული ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან გაქრობის წინაპირობაა.

სააკაშვილსა და მელიას შორის დაპირისპირება არც დღეს და არც გუშინ არ დაწყებულა - პოლიტიკური ცეცხლი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ გაუხსნეს - მაშინ, როცა სააკაშვილმა მელიას ღალატი დააბრალა, მელიამ კი ყოფილი თანაგუნდელი პოლიტიკურ ეჭვიანობაში ამხილა და ჯერ კიდევ მაისში გამოქვეყნებულ წერილში ღიად თქვა, რომ სააკაშვილი საქართველოში პარტიის დაკარგვის შიშმა ჩამოიყვანა.

ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს შორის არსებულმა დაპირისპირებამ მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ოპონენტების მთავარი მიზანი მხოლოდ დესტაბილიზაცია და, ნებისმიერი ბერკეტის გამოყენებით, ძალაუფლების დაბრუნებაა.

როგორ დასრულდება ერთ დროს თანაგუნდელების და დღეს ღია დაპირისპირებაში მყოფ სააკაშვილ-მელიას პირად კონფლიქტად ქცეული პოლიტიკური ბრძოლა? რუსთავის ციხის ერთი პატიმრის წერილს მეორე პატიმრის პასუხი ჯერ არ მოჰყოლია.

დღის ამბები