ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების ფარგლებში, დღეს მეათე პირი გამოიკითხა. პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი ლილუაშვილი იმყოფებოდა. პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯორბენაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა.
11 პირის გამოკითხვა გამოძიებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსჯავრდადებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რასაც კონკრეტული პოლიტიკოსებისა და სხვა პირების საჯარო განცხადებები მოჰყვა. შეთქმულების თეორიები სუიციდის დადასტურებულ შემთხვევაზე - ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ოპოზიციასთან შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ უმრავლესობაში.
უკვე გამოკითხულები არიან თავად ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი გიგაური, გია ხუხაშვილი და ირმა ინაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გუშინ კითხვებს უპასუხეს ნანუკა ჟორჟოლიანმა, ხატია დეკანოიძემ და თაზო დათუნაშვილმა. სხდომათა დარბაზში შესვლამდე და მისი დატოვების შემდეგაც, მათ მედიასთან განაცხადეს, რომ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე არაფერი იციან და ინფორმაცია ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყვეს.
უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციისა და ირაკლი ღარიბაშვილის სპეკულაციას წერტილი პროკურატურამ დაუსვა, როცა გამოსაკითხ პირთა სია გამოაქვეყნა, სიაში მყოფებს კი იმის აღიარება მოუწიათ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმე გახსნილია. ჩატარდა არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხულები არიან გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებულია. რაც შეეხება საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაწყებულ გამოკითხვებს, პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, გამოძიებისთვის დამატებითი ინფორმაცია არცერთ მოწმეს არ მიუწოდებია, მათ შორის არც ღარიბაშვილს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში 5-წლიან სასჯელს კორუფციული დანაშაულისთვის იხდის და კიდევ ერთ საქმეზე გადაწყვეტილების მოლოდინშია. მას ამჯერად ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე მიყენებული ზარალისა და 750 ათასი ლარის ქრთამის აღების ფაქტს ედავებიან. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.