07 სექტემბერი 2026,   02:02
ვრცლად
ბათუმი, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს

შუა დერეფნის შესაძლებლობები, გლობალური სავაჭრო მარშრუტები, პორტების განვითარება და რეგიონული ინტეგრაცია - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს.

ფორუმი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება, საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმაა. ის წელს მთავარი სლოგანით იმართება - "სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს". მიზანი კი, საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, "შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებაა.

7 და 8 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი ფორუმი რეგიონის ქვეყნების მთავრობებს, საზღვაო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს. წელს ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა რამდენიმე ათეული ქვეყნის 300-ზე მეტ დელეგატს ექნება.

ბათუმს ეწვევა და გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას, ელექტრონულ სანავიგაციო სისტემებს, პორტების გაერთიანების სისტემებსა და საზღვაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს.

საქართველო ფორუმზე წარდგება როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ჰაბი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს როლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში.

ორი დღის განმავლობაში იქნება ხუთი პანელი, სადაც იმსჯელებენ გლობალური ვაჭრობის, საზღვაო მმართველობაში საერთაშორისო თანამშრომლობის, საზღვაო სექტორის რეგულირების გამოწვევებზე, ციფრული დერეფნებისა და ადამიანური რესურსების მართვაზე საზღვაო სექტორში. ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული მაღალი დონის შეხვედრები საზღვაო სექტორის ერთი ფანჯრის პრინციპით საქმიანობასა და მშრალი პორტების განვითარების საკითხებზე.

ფორუმზე ასევე გაიმართება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის პრეზენტაცია, ყურადღება გამახვილდება რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალისა და შავი ზღვის დერეფნის განვითარებაზე. აქცენტი გაკეთდება მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინტეგრაციაზე.

დღის ამბები