ქართულ აგროსასურსათო პროდუქციას ჩინეთის ერთ-ერთი მეგაპოლისი მასპინძლობს. ქალაქ გუანჯოუში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს რეგიონებში წარმოებული პროდუქციაა წარმოდგენილი. ქართული ბრენდები ათასობით დამთვალიერებლის ყურადღების ცენტრშია.
ალკოჰოლური სასმელები, ნატურალური წვენები და მინერალური წყალი - საქართველო გამოფენაზე მრავალფეროვანი პროდუქციით წარდგა. კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და პროდუქცია გლობალურ აუდიტორიას წარუდგინონ. ღონისძიება ასობით ექსპერტს, იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აერთიანებს.
წელს ეს უკვე მე-8 საერთაშორისო გამოფენაა, სადაც ქართული აგროსასურსათო პროდუქციაა წარმოდგენილი. სოფლის განვითარების სააგენტო ეროვნული პავილიონებით უკვე წარდგა ნიდერლანდებში, გერმანიასა და იაპონიაში. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ქართული ბრენდების საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას, ახალი ბაზრების ათვისებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული კომპანიების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე ცნობილია ის ქვეყნებიც, სადაც უახლოეს მომავალში საქართველოში წარმოებული პროდუქცია გამოიფინება. ათიათასობით ადამიანს გამორჩეული გემოების აღმოჩენის შესაძლებლობა ამერიკაში, ესპანეთსა და ინდოეთში ექნება.