დაშინება და მუქარა მმართველი პარტიის წევრებისთვის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების უცვლელი ხელწერაა. საპარლამენტო უმრავლესობა ნინო წილოსანის მიმართ ნიკა გვარამიას განცხადებას ზეწოლის მცდელობად აფასებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი პროკურორის ნათქვამი მის რეპრესიულ მიდგომებს ააშკარავებს და ადასტურებს, რომ წარსული გამოცდილება, წინა ხელისუფლების მმართველობის მეთოდი და სტილი ოპოზიციაში ყოფნის დროსაც შენარჩუნებულია.
რეპრესიული მიდგომის დაანონსება პირდაპირ ეთერში - ნიკა გვარამია ნინო წილოსანს ეუბნება, რომ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კონკრეტულ ადამიანებზე ბევრს ათქმევინებს. ყოფილ პროკურორს მის განცხადებაზე დღეს განმარტება არ გაუკეთებია, თემაზე საუბრისგან თავი შეიკავეს გვარამიას პარტიის წევრებმაც.
ყოფილი პროკურორის ვიდეო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოციალურ ქსელში გააზიარა. ნიკა გვარამიას განცხადებას ადრესატი მუქარად აღიქვამს.
გვარამიას განცხადებას ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ ორ ადამიანს შორის კონფლიქტად აღიქვამს და ვერც დაშინების, ვერც მუქარის და ვერც შანტაჟის მცდელობას ვერ ხედავს.
არც მუქარის და არც დაშინების შემცველი ქმედებები გვარამიას მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მათი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობდნენ მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დროსაც, ძალადობენ ოპოზიციის რანგშიც და საზოგადოებას ძალადობას ჰპირდებიან მომავალშიც.
მმართველი პარტია ყოფილ პროკურორს წარსულის გააზრებას ურჩევს. სახელისუფლებო გუნდში გვარამიას შეახსენეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოებამ პოლიტიკური ვერდიქტი სწორედ მათი რეპრესიული მმართველობის სტილისა და მეთოდის გამო გამოუტანა.