"როგორც კი ღარიბაშვილმა თავისი სტატუსი გამოაქვეყნა, მაშინვე, მთელი "ნაციონალური მოძრაობა", მათი Facebook-ლიდერები გამოვიდნენ და ზუსტად იგივე ნარატივის გავრცელება, გაგრძელება, გაღრმავება დაიწყეს", - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, დროული იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები.
"მე ვფიქრობ, ძალიან დროული იყო პროკურატურის გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ დავინახეთ, რომ არცერთ გამოკითხულს არ გააჩნდა არანაირი ინფორმაცია, არანაირი შემხებლობა საერთოდ. ანუ, ეს პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ ის კი არ არის, რომ ამ ადამიანებმა რაღაცა იცოდნენ და ახლა საშუალება მიეცათ და ხმა ამოიღეს, არის პირდაპირი ფაქტი, პირდაპირი მტკიცებულება, რომ ერთი განცხადება მათთვის იყო შტურმის წარმოების ნიშანი, ანუ შეთანხმებული ქმედება იყო", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოკითხვები გრძელდება. ამ წუთებში, პოლიციის მთავარ სამმართველოში გიორგი ლილუაშვილი იმყოფება. საქმეზე უკვე გამოკითხულია 9 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი.
ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობს და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის წერილსაც მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.