06 სექტემბერი 2026,   21:33
ვრცლად
ახალი ფურცელი ქართული ავიაციის ისტორიაში - კაჭრეთში "ამბასადორის საავიაციო სოფელი" ოფიციალურად გაიხსნა

ახალი ფურცელი ქართული ავიაციის ისტორიაში - კაჭრეთში "ამბასადორის საავიაციო სოფელი" დღეს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აქცენტი ტურისტული ნაკადის ზრდაზე, ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებასა და სახელმწიფო მხარდაჭერაზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 16 ჰექტარზე გაშენებული მრავალფუნქციური სივრცე მიზიდულობის ახალი ცენტრი იქნება, რომელიც მაღალი კლასის პილოტებს მოამზადებს.

ის, რომ ავიაციის ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება, ამას გასული წლის რეკორდული მონაცემებიც მოწმობს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საავიაციო სოფლის პროექტი სწორედ ამ წარმატების გაგრძელებაა. მარიამ ქვრივიშვილი რეგიონებს შორის მობილობის ზრდის, გადაადგილების გამარტივებისა და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრობს.

საავიაციო ინფრასტრუქტურის ერთი ნაწილი აეროდრომს ეთმობა, მეორე ნაწილზე კი ავიავილების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, საავიაციო ინფრასტრუქტურის გარდა, ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, სამუშაო ადგილებსა და საერთაშორისო კავშირებს, რაც საქართველოს როლს საერთაშორისო ბაზარზე - მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის მიმართულებით - კიდევ უფრო გაზრდის.

"ამბასადორის საავიაციო სოფელი" აერთიანებს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებს, 12 თვითმფრინავზე გათვლილ დიდ ანგარს. აეროდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია ევროპული სტანდარტების საფრენოსნო სკოლის გახსნაც. ოფიციალურ ღონისძიებას დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან მფრინავების 30-მდე ეკიპაჟი ესწრებოდა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტსა და "ამბასადორის საავიაციო სოფელს" შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. ერთ სივრცეში გაერთიანებული საცხოვრებელი ზონა, აეროდრომი, საავიაციო სკოლა და ინფრასტრუქტურა - პროექტის ღირებულება, ჯამში, 15 მლნ დოლარს შეადგენს. მსგავსი აეროდრომის მოწყობა დაგეგმილია "ამბასადორის" ხელოვნურ კუნძულზე ბათუმშიც, რაც დაკავშირებადობას კიდევ უფრო გაამარტივებს.

დღის ამბები