სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს ქუთაისის, ბათუმის და თბილისის საქალაქო სასამართლოებმა რამდენიმე საქმეზე იმსჯელა.
სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის თემურ გორდენლოვს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
"დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა ბატონ თემურ გორდენლოვის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ ცოტნე ივანიშვილს. წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში, უტყუარად დასტურდებოდა სამართალდარღვევის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოში დაძლეულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მტკიცების სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით. ჩვენ სასამართლოსთან ასევე ვიშუამდგომლეთ სახდელის სახით ჯარიმის გამოყენებაზე. ამასთან, სასამართლოს მივუთითეთ, რომ კონკრეტული პირის მიმართ საქმეში არსებობდა დამამძიმებელი გარემოებები მის წარსულთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პირი სამართალდამრღვევად ცნო და მას შეუფარდა ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ.
ამასთან, მოქალაქე დავით ნაგლიაშვილი, ანა წითლიძის შეურაცხყოფისთვის, 2 000 ლარით დაჯარიმდა.
"ბატონ დავით ნაგლიაშვილის მიმართ სამართალდარღვევის საქმის შედგენილი იყო 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. აღნიშნულმა პიროვნებამ სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ ანა წითლიძეს, რასთან დაკავშირებითაც ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. დღეს სასამართლოში შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ასევე, ვიდეო-მტკიცებულება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პირის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა სამართალდარღვევა ადგილი, რომელიც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, მის მიმართ სახდელის სახით გამოიყენა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, სალომე ქირიამ.
ქუთაისში კი, პეტრე თუთაშვილი, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 2 000 ლარით დაჯარიმდა.
"რაც შეეხება პეტრე ცისკარიშვილს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით, სამართალდარღვევის საქმის შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მან საჯარო სივრცეში მიაყენა შეურაცხყოფა თენგიზ ჭანტურიძეს. აღნიშნული ფაქტის გამოვლენილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ. აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
ნინო ჭიოკაძის მიმართ სამართალდარღვევის საქმე შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ. წარდგენილი იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, აღნიშნული პიროვნებაც ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით," - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, ნათია გიგლემიანმა.