ძველი ოდა სახლის შენება ფაქტობრივად დამთავრებულია. დარჩა მხოლოდ აივნის მოაჯირი და კიბე... ანზორ კობახიძე სოფელში ცნობილი ხის ოსტატია და ბაღდათიდან საკრაულაში ამოტანილ საუკუნოვან სახლს ნელ-ნელა აწყობს. ძველი, ხით ნაშენები ნაგებობები აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
საკრაულას ძველებურ იერსახეს სწორედ ასეთი სახლები უნარჩუნებს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გეგმა ეკოტურიზმის განვითარებაა, რაც აქაურობის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა. ხალხის მიგრაცია დიდია. შესაბამისად, სახლების დიდი ნაწილი უბრალოდ დაკეტილია.
სოფლის ერთ-ერთი მთავარი სილამაზე მდინარე საკრაულა და მისი პატარა კანიონია, რომლის შესახებაც ბევრმა, შეიძლება, არც იცოდეს. გარშემო ტყით დაფარული ფერდობები, სუფთა ჰაერი და მშვიდი მდინარე ამ კანიონს პირველქმნილ სახეს უნარჩუნებს. არც ისე რთულ საფეხმავლო მარშრუტებთან ერთად, მდინარეზე სანაოსნო ტურების გაკეთებაც იგეგმება.
სუფთა ეკოსისტემა და ნამდვილი, ჯანმრთელი პროდუქცია საკრაულას სავიზიტო ბარათია. აქ ყველაფერი ნამდვილია და ჯანსაღი. მესაქონლეობა და მომთაბარე მეჯოგეობაც დღემდეა შემორჩენილი. ბადრი და ფრიდონ გორგოძეებიც ამ მამა-პაპისეულ საქმეს მისდევენ. რამდენიმე ათეული თხის ყოლა და მოვლა არ არის მარტივი საქმე, თუმცა ისინი ამ საქმეს მაინც უძღვებიან.
ფერმერის დღე დილის 6:00 საათზე იწყება. თხის მოწველა, შეიძლება ითქვას, დასწრებაზეა. ციკანს თავისი ეკუთვნის... პატარა ლეკვებსაც ვერავინ დაასწრებს.
ყველის ამოყვანაც, რა თქმა უნდა, იქვე, ე.წ. ბინაზე ხდება. ძველებური ღუმელი აქ სულ დანთებულია და რძიანი ქვაბიც - შემოდგმული.
ფრიდონისთვის ეს ბინა, ფაქტობრივად, მეორე სახლია. ბევრი სირთულის მიუხედავად, ამ საქმეს არ ეშვება და, სანამ საძოვრიდან მოსულ ბოლო თხას არ დააბინავებს, სულ აქ არის.
როდესაც საქონელი გყავს, ბევრ პრობლემასთან გამკლავებაც გიწევს. გამონაკლისი არც ფრიდონია.
აი, ასეთია მომთაბარე ფერმერის ცხოვრება სოფელში. შეიძლება, საკრაულაში ჯერ არ ხართ ნამყოფი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადგილი ყველასთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.
ავტორი: გიორგი ქორქია