29 ივნისი 2026,   19:48
ვრცლად
ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური, ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს - შალვა პაპუაშვილი

"ვხედავთ, რომ პენიტენციური სამსახური ჩართულია, მათ შორის, არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლია მისი მონახულება," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური, ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს.

"რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ, ვინმე თუ გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მთავარია, სამედიცინო მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიჰყვნენ. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ელენე ხოშტარიას რუსთავის ციხეში დღეს პირადი ექიმი მოინახულებს. ამის შემდეგ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. ექიმი ხოშტარიასთან ცოტა ხნის წინ შევიდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დაწესებულებაში ექიმის ვიზიტის შემდეგ გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები. დღეს ამ თემაზე ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს. ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლის შემდეგ, უკვე 14:00 საათზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან, სადაც უწყების გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

დღის ამბები