29 ივნისი 2026,   13:40
ვრცლად
"ხვალ საქართველოში დიდ საერთაშორისო ღონისძიებას ვუმასპინძლებთ" - შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

თბილისში პაბსეკის (PABSEC - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა) 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. საქართველო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დღეიდან 1 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. გაიმართება ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაც. მიმდინარე პერიოდში საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასამბლეის საქმიანობა განსაკუთრებით გააქტიურდა და ორგანიზაციის სახელით არაერთი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა. მისივე შეფასებით, ამან ასამბლეის მუშაობის გაძლიერებასა და მისი საქმიანობის გამრავალფეროვნებას შეუწყო ხელი.

"დღეს და ხვალ საქართველოში გაიმართება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 77-ე ასამბლეის სხდომა. მივიღეთ საორგანიზაციო გადაწყვეტილებები ასამბლეასთან დაკავშირებით, ხვალ კი უკვე შედგება თავად ასამბლეა, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, დელეგაციების ნაწილი უკვე ჩამოსული არის და დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია იმისთვის, რომ ხვალ ვუმასპინძლოთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან აქტიური იყო ასამბლეა, მათ შორის მეც როგორ პრეზიდენტს ასამბლეისა მომიწია რამდენიმე ღონისძიებაში ასამბლეის სახელით მონაწილეობა და ვფიქრობთ, რომ ამით გარკვეულწილად გავააქტიურეთ, გავამდიდრეთ ასამბლეის მუშაობა", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები