15 ნოემბერი 2026,   21:50
ვრცლად
დაცარიელებული მაცივრები, გამორთული საყინულეები, მილიონობით ევროს ზარალი და გადაყრილი სურსათი - ჰაკერული თავდასხმა ევროპის ქვეყნების სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე

დაცარიელებული მაცივრები, გამორთული საყინულეები, მილიონობით ევროს ზარალი და გადაყრილი სურსათი - კადრები ევროპის სუპერმარკეტებში მასშტაბური კიბერშეტევების შედეგებს ასახავს. ამჯერად, სუპერმარკეტში შეჭრისა და პროდუქტების ადგილზე დაზიანების ნაცვლად, მაცივრების ტემპერატურა დისტანციურად შეცვალეს, გაგრილების რეჟიმი ისე დაარეგულირეს, რომ საკვები პროდუქტები მალევე გაფუჭებულიყო.

კიბერშეტევის ტალღა ოქტომბერში, საფრანგეთში დაიწყო და 700 სუპერმარკეტი მოიცვა. თავდასხმის სრული მასშტაბი კი ასე გამოიყურება - ევროპის 11 ქვეყანაში 800-ზე მეტი სავაჭრო და სასურსათო ობიექტი დაზარალდა. მომხდარი ჰაკერულ თავდასხმად შეფასდა.

კიბერშეტევის შედეგები მხოლოდ სავაჭრო ქსელებით არ შემოიფარგლა. 5 ნოემბერს ცრუ შეტყობინებები ევროპის მასშტაბით თითქმის 30 ავიარეისს შეეხო. უსაფრთხოების შესაძლო საფრთხის გამო, რამდენიმე თვითმფრინავი ალტერნატიულ აეროპორტებში გადაამისამართეს, ზოგიერთ რეისს კი სამხედრო გამანადგურებლები აცილებდნენ. თვითმფრინავები უსაფრთხოების შემოწმების მიზნით გააჩერეს და დაათვალიერეს, თუმცა ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ.

ცრუ განგაშის ზარები შევიდა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. მხოლოდ იტალიაში, 11 ნოემბერს, ბომბის შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეტყობინება დაახლოებით 6 300-მა სკოლამ მიიღო და 300 სკოლის ევაკუაცია გახდა საჭირო. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარზე საგანგებო სხდომა მოიწვია.

კიბერშეტევა მოხდა საფრანგეთის სისხლის ცენტრზე. განგაშის სისტემებმა თანამშრომლებს დროული რეაგირების საშუალება მისცა, სისხლის პროდუქტები სხვა საცავებში გადაიტანეს და მარაგი დაზიანებას გადაურჩა.

თავდასხმებმა ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ ევროკომისიამ, კიბერუსაფრთხოების სააგენტომ და Europol-მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

ბოლო შემთხვევებმა აჩვენა, რომ კიბერშეტევის სამიზნე ყოველთვის სახელმწიფო უწყებების კომპიუტერული სისტემები არ არის. თავდასხმისთვის ზოგჯერ საკმარისია ერთი დაუცველი სისტემის აღმოჩენა და მასზე წვდომის მოპოვება. ეს ევროპის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევაა: დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი ციფრული სივრცე, არამედ კრიტიკული ინფრასტრუქტურაც და ყველა ის სისტემა, რომელთა მართვაც ციფრულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები