საფრანგეთის პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების მაჩვენებელი 14%-მდე შემცირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Ipsos-BVA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მიუთითებს. დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა 83% ემანუელ მაკრონის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
კვლევითი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბრიუს ტენტურიე აცხადებს, რომ, მაკრონის არაპოპულარობის მაჩვენებელმა იმ დონეს მიაღწია, რომელიც წარსულში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს ჰქონდა.
გამოკითხულები უარყოფითად აფასებენ პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს საქმიანობასაც - კმაყოფილია მხოლოდ 19%, 72% კი უკმაყოფილებას გამოხატავს.
საფრანგეთის მთავრობის წევრებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებები იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა (40%) და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა (24%) მიიღეს.