15 ნოემბერი 2026,   14:17
ვრცლად
არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტში - გამოვლენილია, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის მასშტაბური კომპლექსის ნაწილი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მეორე ქესალოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის კომპლექსის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

არქეოლოგიური კომპლექსის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს.

"კვლევების შედეგად, გამოვლენილია, სავარაუდოდ, V-VI საუკუნის, მასშტაბური არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი, რომელიც, წინასწარი მოსაზრებით, ადგილობრივი ხელისუფალის ან დიდგვაროვნის სასახლეს უნდა წარმოადგენდეს.

ტერიტორიაზე არქეოლოგიური ობიექტი 2020 წელს დაფიქსირდა, ხოლო კომპლქსის მნიშვნელოვანი ნაწილის შესწავლა 2023-2025 წლებში განხორციელდა.

2026 წელს ჩასატარებელი სამუშაოები ითვალისწინებს კომპლექსის დასავლეთითა და ჩრდილოეთით ახალი მონაკვეთების არქეოლოგიურ შესწავლას. კვლევის ფარგლებში გაიწმინდება გამოვლენილი კედლები, კრამიტის ფენები და დარბაზების იატაკები. ასევე, განხორციელდება გათხრილი ფართობის რეკულტივაცია და საკონსერვაციო ფენით დაფარვა, რაც ნაგებობების ნაშთების შემდგომი დაზიანების პრევენციისთვის არის საჭირო.

მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელთან და არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მეორე ქესალოს არქეოლოგიური კომპლექსის შესწავლა უმნიშვნელოვანესია ქვემო ქართლის ისტორიული წარსულისა და ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურული მემკვიდრეობის კვლევის თვალსაზრისითაც.

კომპლექსის ნაწილი ბუნებრივი პროცესების შედეგად დაზიანებულია, რის გამოც აუცილებელია მისი შენარჩუნება და შემდგომი კვლევების გაგრძელება", - აღნიშნულია კულტურული მემკვიდორების დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

დღის ამბები