15 ნოემბერი 2026,   12:56
ვრცლად
იმდენი ტყუილი და აბსურდი მოვისმინეთ, რომ, თავისი უტიფრობითა და უმეცრებით, ჩვენი სარჩელის გამყარებაში გვეხმარებიან - აკაკი ალადაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე

"თავად ადასტურებენ, რომ არაკონსტიტუციურები და მოძალადეები არიან", - ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

აკაკი ალადაშვილის თქმით, პროცესზე ოპოზიციის მხრიდან იმდენი დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ამით ისინი "ქართული ოცნების" სარჩელის გამყარებას უწყობენ ხელს, რომლითაც მმართველი გუნდი 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს.

"ჰგონიათ, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, სახელმწიფო ინსტიტუტებში შევარდნა ადამიანის გარანტირებული უფლებაა. ჰგონიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო პარტიის რიგითი წევრი და ის არაფერს არ წყვეტდა.

იმდენი ტყუილი და აბსურდი მოვისმინეთ, რომ ისინი თავისი უტიფრობითა და უმეცრებით, გვეხმარებიან ჩვენი სარჩელის გამყარებაში", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ცნობისთვის, ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები განახლდება. ეს იქნება მე-13 სხდომა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია, წინა სხდომების მსგავსად, ახლაც უშედეგოდ ეცდება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

ადამიანის უფლებების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, საკუთრების უფლების ხელყოფა - მტკიცებულებების სია ვრცელია, თუმცა ყოფილ სახელისუფლებო პარტიას პასუხისმგებლობის აღება არაფერზე სურს. მათ შორის არც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ძალადობრივი აქციების ორგანიზებაზე. ამართლებენ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რაც მოსარჩელე მხარისთვის მორიგი აღიარებაა.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", საკუთარი პარტიის წინააღმდეგ, სასამართლოს კიდევ არაერთ მტკიცებულებას წარუდგენს.

დღის ამბები