15 ნოემბერი 2026,   17:10
ვრცლად
მედია: ბერლინში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - დაკავებულია 20 აქტივისტი, აღძრულია სისხლის სამართლის 28 საქმე

ბერლინში საპროტესტო აქცია გაიმართა, სახელწოდებით Gen Z regelt-ი (თაობა Z თავად წყვეტს), რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, პიროტექნიკის გამოყენების გამო.

მედიის ცნობით, შაბათს საღამოს ბერლინის შარლოტენბურგის რაიონში დაახლოებით 1 200-მა ახალგაზრდამ საპროტესტო აქცია გამართა. პოლიციასთან დაპირისპირება კი აქციის დაწყებისთანავე მოხდა.

შეტაკებებისა და დაკავებების შემდეგ, სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის 28 საქმის წარმოება დაიწყეს. წესრიგის დასაცავად, ადგილზე 700 პოლიციელი იყო მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს 3 პოლიციელი დაშავდა.

აქციის მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, აპროტესტებდნენ სკოლების სავალალო მდგომარეობას, სავალდებულო სამხედრო სამსახურს, უნივერსიტეტებისა და სოციალური სფეროს დაფინანსების შემცირებას. აქციაზე ასევე ისმოდა ისრაელის, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და პოლიციის საწინააღმდეგო შეძახილები.

Gen Z regelt-ის ორგანიზატორები 20 ნოემბერს უფრო მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ და ახალგაზრდებს ევროპის მასშტაბით გაფიცვისკენ მოუწოდეს. მხოლოდ ბერლინში ისინი 15 000 მონაწილეს ელოდებიან.

დღის ამბები