15 ნოემბერი 2026,   20:34
ვრცლად
კანარის კუნძულებზე ერთ დღეში ჩასული მიგრანტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

კანარის კუნძულებზე მიგრანტების რეკორდული რაოდენობა ჩავიდა - ელ-იეროს კუნძულის სანაპიროს ხის 12 დიდი ნავი მიადგა, რომლებზეც ჯამში 1 235 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კიდევ ერთი ნავი, რომელზეც 203 ადამიანი იყო, გრან-კანარიის კუნძულთან აღმოაჩინეს და შეაჩერეს. 50 ადამიანმა მიაღწია კუნძულ ტენერიფემდეც.

კანარის კუნძულებზე ჩასული ადამიანების საერთო რაოდენობა - 1 488 - რეკორდული მაჩვენებელია 2020 წლის 7 ნოემბრის შემდეგ. მაშინ კუნძულებზე 33 მცირე ზომის ნავითა და დიდი კანოეთი 1 461 ადამიანი ჩავიდა.

წინასწარი მონაცემებით, გუშინ ჩასულთა შორის 108 ქალი და 167 არასრულწლოვანი იყო.

შაბათის სტატისტიკაში არ შედის ორი სამაშველო ოპერაცია, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასევე, მასშია არის 122 ადამიანი, რომლებიც დიდი კანოეთი გადაადგილდებოდნენ და პარასკევს, 23:55 საათზე, ლა-რესტინგის პორტს მიაღწიეს. შაბათს, კუნძულებზე 8 ნავით სულ 843 ადამიანი ჩავიდა. შესაბამისად, ორი დღის ჯამური მაჩვენებლით: კანარის კუნძულებამდე, 22 ნავით, 2 331 ადამიანმა მიაღწია.

გამოცემის ცნობით, ოპერაციაში ექვსი საზღვაო სამაშველო ხომალდი და სამოქალაქო გვარდიის ორი საპატრულო კატარღა მონაწილეობდა.

კანარის კუნძულების მთავრობის მეთაურმა, ფერნანდო კლავიხომ განაცხადა, რომ მიმდინარე მიგრანტების უწყვეტმა ნაკადმა კუნძულის რესურსები სრულად ამოწურა და ადგილობრივი შესაძლებლობები გადატვირთა.

მანამდე ელ-იეროს კუნძულის საბჭომ სოციალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ხუთი კვირის განმავლობაში კუნძულზე 8 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.

კლავიხომ წერილით მიმართა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარს, მაგნუს ბრუნერს და, ატლანტიკური მარშრუტით მიგრანტების ნაკადის მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, გადაუდებელი ზომების მიღება მოითხოვა.

დღის ამბები