15 ნოემბერი 2026,   22:23
ვრცლად
ძველი წიგნების გაყვითლებულ ფურცლებსა და მათ სუნში ჩაკარგული ადამიანები - როგორ იცვლება ბიბლიოთეკის როლი ციფრულ ეპოქაში და რა ისტორიებს ინახავს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი

კადრებზე გადადებული ფრაზები - "ბიბლიოთეკა ჩემთვის ყველაფერია", "დღე არ გავა აქ არ მოვიდე", "აქ სიმშვიდეა, ყველაფერია, რომ დროში დაიკარგო, წიგნმა დროში უნდა დაგკარგოს" - დროში სამოგზაუროდ აქ შემოსული ადამიანებისთვის, ვინ მოთვლის, კარი რამდენჯერ გაღებულა.

ყველაზე ხმაურიანი აქ შესაძლოა მხოლოდ კარი იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, სიჩუმეში, ძველი წიგნების გაყვითლებულ ფურცლებსა და მათ სუნში ჩაკარგული ადამიანები აქ თითქმის ყოველდღე დადიან. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ყველაზე ხმამაღალი, ალბათ, სიჩუმე და ბიბლიოთეკართან ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებია.

ზურაბ ეკალაძე 66 წლის თეოლოგია, პირველად ეროვნულ ბიბლიოთეკაში 30 წლის წინ მოვიდა, მას შემდეგ, წიგნის გარეშე ვერც ცხოვრება და ვერც პროფესიული საქმიანობა ვეღარ წარმოუდგენია. სათვალეს რომ გაიკეთებს, საათობით ზის და კითხულობს ხოლმე.

მერაბ მამარდაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზში წიგნის ყდებს შორის, წინადადებიდან წინადადებაში დასაკარგად ისიც ყოველდღე მიდის. 72 წლის ზურაბ ქაფიანიძე პროფესიით ინჟინერია, ამჟამად სამეცნიერო საქმიანობით არის დაკავებული.

წიგნების კიდობანში შემოსვლა წლების წინ გადაწყვიტა და მას შემდეგ დღე არ გასულა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ არ მისულიყო და საათობით არ ეკითხა. ბიბლიოთეკარებიც კარგად იცნობენ და მკითხველებიც. აქ საყვარელი კუთხეც აქვს.

ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში ათასგვარი ზომის ფორმისა და შინაარსის წიგნია, მათი ისტორიები კი კატალოგებში ინახება.

ნინო ვაშაკიძე 15 წლის იყო, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად მუშაობა რომ დაიწყო. მას შემდეგ 52 წელი გავიდა, მაგრამ არც მკითხველისადმი და არც წიგნისადმი სიყვარული არ განელებია. აქ ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობენ, რა არ უნახავთ და გადახდენიათ. ახსოვთ ის დროც, როცა იმდენად ბევრი ადამიანი მიდიოდა სამკითხველოში, დროებით კარს კეტავდნენ კიდეც.

ზოგიერთისთვის ბიბლიოთეკაში სიარული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

აქ არავის ეჩქარება. ყოველდღიური ხმაურისგან შორს, საკუთარ სამყაროში მარტო დასარჩენად მიდიან. ზოგი წიგნის მოსაძებნად მიდის, ზოგი გაზეთების წასაკითხად, ზოგი ლექციის მოსამზადებლად და ცოდნის გასაღრმავებლად.

ბიბლიოთეკა მხოლოდ წარსულისა და ძველი თაობის თავშესაფარი არ არის. ამ სივრცეში ერთმანეთს ხვდება რამდენიმე თაობის ადამიანი. ამ ადამიანებმა შესაძლოა, ერთმანეთის სახელებიც არ იცოდნენ, მაგრამ საერთო ენა აქვთ - წიგნიერების ენა.

შესაძლოა 20, 30 ან 40 წელი გავიდეს, შეიცვალოს წიგნების გამოცემის ფორმები, გაჩნდეს ახალი ტექნოლოგიები და ინფორმაციის მიღების ათასგვარი გზა, მაგრამ მაინც დარჩებიან ადამიანები, ვისაც ხელში ნამდვილი წიგნების დაჭერა ეყვარებათ. წლების გასვლასთან ერთად, შეიცვალა გარემო, ცხოვრების რიტმი, მაგრამ ამ ადამიანებისთვის ბიბლიოთეკა იმ სივრცედ დარჩა, სადაც წიგნი, როგორც ერთგული მეგობარი, მყუდრო გარემო და ნაცნობი სივრცე მუდამ ელის. ამ კედლებში გატარებულ წლებსაც თავისი მოგონებები აქვს.

ასე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც კითხვა ძლიერ უყვართ - ცხოვრობენ ჩუმად, მაგრამ ერთ დიდ საზოგადოებაში. ცხოვრობენ წიგნებით და წიგნებისთვის, ზოგიერთმა ცხოვრების დიდი ნაწილი შეალია წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების რესტავრაციას.

აქვე შეიქმნა წიგნების ციფრული ფონდიც, რამაც გაქრობას გადაარჩინა გასული წლების პრესის ნომრები და არაერთი დაზიანებული წიგნი.

შეიძლება, წიგნებმა ეკრანებში გადაინაცვლონ, ფურცლების სუნიც ციფრულმა სამყარომ ჩაანაცვლოს, მაგრამ მაინც დარჩეს რაღაც, რასაც ვერავითარი ტექნოლოგია ვერ შეცვლის და ჩაანაცვლებს - წიგნის სამყაროში მარტო დარჩენის ბედნიერება.

დღის ამბები