29 ივნისი 2026,   17:45
ვრცლად
განადგურდა 694 კგ ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება, პროცესი წარიმართა გარემოსდაცვითი ღონისძიებების სრული დაცვით - საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი თენგიზ სისაური

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარზე მეტია.

ნარკოტიკების განადგურების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

განადგურების პროცესის დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი საუბრობს.

"შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გაანადგურა 694 კგ ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება. აღნიშნული პროცესი წარიმართა გარემოსდაცვითი ღონისძიებების სრული დაცვით", - განაცხადა თენგიზ სისაურმა.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას პროკურორი ლაშა ლოლუა.

"დღეს განადგურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენების საფუძველზე ამოღებული რამდენიმე ასეული კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. საქართველოს პროკურატურას აქვს საკმაოდ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციაში და რეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება," - განაცხადა ლაშა ლოლუამ.

დღის ამბები