საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ5-კმ15) სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. იწყება სოფელ ჭოტორის დასავლეთით, გაივლის სოფლებს - ჭოტორსა და ნუკრიანს და მთავრდება ქალაქ სიღნაღის სამხრეთით, ერეკლე მეორის ქუჩის მიმდებარედ.
პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 15.3 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.