29 ივნისი 2026,   11:03
ვრცლად
ორი სამშობლო, ერთი იდენტობა და წლები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულს ვერაფერს აკლებს - აღთქმული მიწა და ქართული ფესვები

უძველესი იუდეის სამეფოს გულში სამი დიდი მონოთეისტური რელიგიის უმნიშვნელოვანესი სიწმინდეებია თავმოყრილი. აღთქმულ მიწაზე ებრაელები, მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთის მხარდამხარ ლოცულობენ - ლოცულობენ მშვიდობისთვის. ამ მიწაზე მშვიდობას განსაკუთრებული ფასი აქვს.

ლოცულობენ ქართველი ებრაელებიც - ორი სამშობლოსთვის და ერთი მიზნით - იყოს მშვიდობა... წმინდა მიწის შვილები, საქართველოში რომ დაიბადნენ, გაიზარდნენ, საუკეთესო წლები აქ გაატარეს და მერე ისტორიულ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ.

უძველესი წყაროებით, ებრაელები საქართველოში მაშინ დასახლებულან, როცა ნაბუქოდონოსორს იერუსალიმი დაურბევია.

ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ყველაზე მასშტაბური ალია საქართველოდან 1990-იან წლებში განხორციელდა.

ათწლეულებმა გაიარა. მათ არც ქართული ენა დავიწყებიათ, არც ტრადიციები. კვლავ ცოცხალია ბავშვობის მოგონებები და არც სამშობლოს მონატრება გამქრალა. საერთო წარსული მათ ერთმანეთთან კიდევ უფრო აკავშირებს. ახლა უკვე ისრაელში დაბადებულ შვილებსა და შვილიშვილებს ასწავლიან ქართულ ენას.

აქ ცოცხლდება დრო, რომელიც ერთ დროს საქართველოში გაჩერდა. ქალაქ ბათ-იამის ამ ქუჩაზე პატარა საქართველოა. ქართულ-ებრაული თემის წევრები - საქართველოზე შეყვარებული დიდი გულებით - დღესაც ერთმანეთით ცხოვრობენ. ხშირად იკრიბებიან სუფრასთან. შეხვედრები მოგონებებით, ოჯახური ისტორიებითა და ქართული ტრადიციული კერძებით არის სავსე. ერთმანეთსაც აძლიერებენ და საქართველოდან ახლად ჩასულ ქართველ ემიგრანტებსაც ეხმარებიან. საქართველოს გახსენებისას ემოციების დამალვა ბევრს უჭირს.

მოშე ბოთერაშვილი 13 წლის იყო, როცა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. დღეს ის, მეუღლესთან ერთად, ზღვისპირა ქალაქ აშდოდში ცხოვრობს - იმ ქალაქში, სადაც ქართველმა ებრაელებმა დასახლება წლების წინ დაიწყეს. 25 წელია, რაც ქალაქის საბჭოს წევრია, იყო აშდოდის ვიცე-მერი, დააარსა ქართული სახლი და აქტიურად მუშაობს ისრაელში ქართულ-ებრაული სათვისტომოს გაძლიერებისთვის.

ქართველი მუსიკოსებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ქალაქ აშდოდში კულტურული ღონისძიებები ხშირად ტარდება.

დიდ საკონცერტო დარბაზშიც პატარა საქართველოა. ისრაელში მცხოვრები და საქართველოდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩასული ქართველი ებრაელები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ მადლობა ეთქვათ ლია კრიხელისთვის, რომელსაც 80 წლის იუბილე შეუსრულდა. პედაგოგი, ღირსების ორდენის კავალერი, ადამიანი, რომელსაც ქართულ-ებრაული ურთიერთობების განმტკიცებისა და ხიდების მშენებლობის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. "გაიცანით თქვენი შვილები" - ამ სახელწოდების პროექტს ხელმძღვანელობდა 10 წლის განმავლობაში და ქართულ-ებრაულ თემში არაერთი ახალგაზრდის წარმატებას შეუწყო ხელი. ვინც ივრითი არ იცოდა, ყველას ასწავლა. იყო მილოცვები და მადლობის წერილები საქართველოდანაც, ქვეყნიდან, სადაც ლია კრიხელი დაიბადა და გაიზარდა.

საღამოს ყველაზე ემოციური ნაწილი მაშინ დაიწყო, როცა სცენაზე შვილიშვილები ავიდნენ და ბებიას იუბილე მიულოცეს. ეს საღამოც იმ დიდი ისტორიის ნაწილია, რამაც ორი ერის 26-საუკუნოვანი მეგობრობის ისტორია შექმნა. 

ქართველი ებრაელებისთვის საქართველო კვლავ რჩება მშობლიურ სახლად - კავშირად, რომელიც მათ მომავალ თაობებსაც უნდა შეუნახონ.

 

დღის ამბები