ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი ხელმძღვანელობდა, ერევანში ჩავიდა. მას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანიმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობას და რწმენა გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას მთელ რეგიონში.
ოფიციალური განცხადების თანახმად, პურმოჰამადიმ ფაშინიანს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის "თბილი მოკითხვა" გადასცა და მადლობა გადაუხადა სომხეთის მთავრობას ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ირანს რთულ პერიოდში გაუწია. მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-ირანის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიმართული პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, მეორე ხიდისა და ახალი ტერმინალის მშენებლობა, საბაჟო სექტორში თანამშრომლობის შემდგომ განვითარება და საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორივე მხარემ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათ ასევე განიხილეს გზების მშენებლობის ერთობლივი პროექტები, სოფლის მეურნეობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები. ამასთან, გაცვალეს აზრები რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების განბლოკვის პროცესსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ პროცესმა შეიძლება შექმნას.
შეხვედრის დასასრულს, ფაშინიანმა "თბილი მოკითხვა გადასცა" ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს.