ზაფხული იწყება აქ - აჭარაში, სადაც მზე მთის კალთებში იღვიძებს და ზღვაში იძინებს. ტურისტული სეზონი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა.
უსაფრთხო ზღვა და ხმელეთი - აჭარის რეგიონში ამისთვის ყველაფერი მზად არის. განახლებული ტექნიკა, უსაფრთხოებისთვის გაზრდილი ადამიანური რესურსი - აჭარა წელს მილიონობით ტურისტს ელოდება.
შავი ზღვის სანაპიროს წელს 300 მაშველი დაიცავს - ადამიანები, რომლებმაც ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს. დამსვენებლების უსაფრთხოებას, ზღვაში, მაშველებთან ერთად, სანაპირო დაცვა უზრუნველყოფს.
ტურისტული ნაკადები დღითიდღე იზრდება. აჭარაში ყოველდღიურად ასობით უცხოელი ვიზიტორი ჩამოდის. აჭარის მთები და სამთო კურორტული ზონები მართლაც ზღაპრულია. ბათუმიდან თითქმის 2 საათში ხულოს ულამაზეს მთებში აღმოჩნდებით.
ულამაზეს მთებში, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დაგხვდებათ - ხიხანის ციხეს ყოველწლიურად ათიათასობით ტურისტი სტუმრობს.
ხულოდან 40 წუთში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე, ტურისტებს კურორტი გოდერძი ელოდება. აქ ცა ყველაზე ახლოს არის, ცისარტყელა ყველაზე ფერადია.
აქვეა ბეშუმი - აჭარის საზაფხულო იალაღი - განსაკუთრებული ჰაერით და გრილი კლიმატით.
ალპურ ქედებში მწვანე ტბა გვხვდება - ხულოს მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათი.
გრილი ზაფხულის მოყვარულებს ალპური ბოტანიკური ბაღი, შავი ტბა და ულამაზესი ბუნება ელოდება.
აჭარის მაღალმთიანეთი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მხარეს უკავშირდება. აქედან სულ 48 კილომეტრში მდებარეობს გურიის ცნობილი სამთო კურორტი ბახმარო, რომელიც უნიკალური კლიმატითა და ბუნებრივი ლანდშაფტით გამოირჩევა. მოგზაურებს აჭარის მთიანეთში არაერთი ღირსშესანიშნაობის აღმოჩენა შეუძლიათ - ტრადიციული სოფლები, პანორამული ხედები და მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო... მოგზაურობა კი შავი ზღვის სანაპიროზე სრულდება, სადაც სტუმრებს თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურა, კულტურული მრავალფეროვნება და ზღვისპირა დასვენების ფართო არჩევანი ხვდებათ.