შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 1289 გრამი და 12 ტაბლეტი „მეთადონი“, 631 კილოგრამი „კანაფი“, 60 გრამი „ჰეროინი“, 2294 გრამი „კოკაინი“, 238 გრამი „ალფა-პვპ“, 30 გრამი „კლეფედრონი“, 985 გრამი და 10 ტაბლეტი “მდმა“, 39 გრამი და 401 ტაბლეტი „ბუპრენორფინი“, 317 ტაბლეტი „ტრამადოლი“, 992 ტაბლეტი „დიაზეპამი“, 121 ტაბლეტი „კოდეინი“ გაანადგურეს. ასევე, განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.