29 ივნისი 2026,   00:23
ვრცლად
მომდევნო ორი კვირა "ნაციონალური მოძრაობისთვის" გადამწყვეტია - ამჟამინდელი შიდაპარტიული ტურბულენტობა ერთ კონკრეტულ სკამს და მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თუ მოქმედ ფავორიტებს უკავშირდება

ძალაუფლების დაკარგვიდან 14 წელი გავიდა, პარტიაში კი ისევ იმას არკვევენ, რეალურად გადავიდნენ თუ არა ოპოზიციაში. "ნაციონალურ მოძრაობაში" დრო, უბრალოდ, გაიყინა. განახლების ნაცვლად, პარტიას ხელში მხოლოდ რუსთავის ციხიდან გამოგზავნილი მანიფესტი, ეპისტოლეები და ინფანტილური წყენები შერჩა. აბსურდის წრე შეიკრა.

ამჟამინდელი შიდაპარტიული ტურბულენტობა ერთ კონკრეტულ სკამს და მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თუ მოქმედ ფავორიტებს უკავშირდება. თინა, ანა და ნანა - ახლა სამივე პარტიის თავმჯდომარეობისთვის, ფაქტობრივად, წესების გარეშე იბრძვის.

გაირკვა, რომ ტახტზე ასასვლელად ექსპრეზიდენტის კურთხევა საკმარისი აღარ არის. მთავარი ახლა უპირობო მორჩილებაა.

ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც სააკაშვილმა პარტიის ლიდერად თავისი ძველი მეგობარი და ახალი ფავორიტი, ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა, თუმცა ციხიდან გამოცხადებული ნდობა ზუსტად 5 დღეში გაქრა და მკაცრი გაფრთხილებით ჩანაცვლდა.

მიზეზი ახალბედა პოლიტიკოსის ურჩობა აღმოჩნდა - მან მსჯავრდებული ლიდერის სურვილები უმნიშვნელოდ მიიჩნია და პირდაპირ მიანიშნა, რომ საპატიმროში მყოფი ადამიანის აღქმები, შესაძლოა, რეალობას აცდენილი იყოს. სააკაშვილისთვის, რომლის გამოგონილი ავტორიტეტიც პარტიის მორყეულ, თუმცა ერთადერთ საყრდენად რჩება, ეს წითელი ხაზია. ბელადმა, ტრადიციისამებრ, ისეთი შედარება გააკეთა, რომელიც იმდენადვე ამბიციურია, რამდენადაც კომიკური. მიშამ საკუთარ გუნდს ღიად შეახსენა, რომ ნელსონ მანდელას 30-წლიანი პატიმრობის მიუხედავად, მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდნენ.

...და სანამ მიშა-ნელსონ სააკაშვილი ახალ ფავორიტს საჯაროდ ტუქსავს, პარტიის ფორმალურად მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, საკუთარ პოლიტიკურ ფიასკოს ბრიტანული ვოიაჟით ნიღბავს. ის სრული სერიოზულობით ირწმუნება, რომ სანამ ლონდონში მაღალი დონის შეხვედრებს მართავდა, პარტიაში გადატრიალება ისე მოხდა, არავის გაუფრთხილებია. ბოკუჩავა პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ "შეკრული ხელ-ფეხით მარათონში სირბილი" შეუძლებელია. ამით კი, ფაქტობრივად აღიარებს, რომ პარტიაში რეალური ძალაუფლება არც არასდროს ჰქონია.

მეორე ფლანგზე კი ნანუკა ჟორჟოლიანის რადიკალური დღის წესრიგია. თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, მისი მთავარი დაპირება იმ ოპოზიციური ალიანსის დატოვებაა, რომელიც ისედაც დაშლილია და სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" გარიცხულად მიიჩნევენ.

ამ ერთპიროვნულმა ენთუზიაზმმა ვეტერანი "ნაციონალების" მოთმინების ფიალა აავსო. პარტიის ძველი სახეები ჟორჟოლიანს ღიად უპირისპირდებიან და შეახსენებენ, რომ პარტია სრული ფინანსური და სტრუქტურული კრახის წინაშეა. მათი აზრით, ახლა მართვის სისტემის გადარჩენაზე ფიქრის დროა და არა პერსონალური წყენების მოგვარების ან ახალგაზრდების მხოლოდ ასაკის გამო დაწინაურების.

პარტიულ თანამდებობაზე საკუთარ ამბიციებს არც ანა წითლიძე მალავს. ის პირდაპირ აფრთხილებს კონკურენტს, რომ პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას მას არავინ მისცემს - მით უმეტეს ისეთ საკითხზე, როგორიც ალიანსის დატოვებაა.

ამ ტრაგიკომედიას შორიდან აკვირდებიან ყოფილი "ნაციონალები". ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილის პარტიის შიდა დაჯგუფებების დაუსრულებელი კინკლაობა მისთვის უკვე უინტერესოა.

მიმდინარე პროცესს ისიც გამოეხმაურა, ვინც დღემდე ვერ მიხვდა, რომ თანამდებობის პირი აღარ არის. ხან ჟურნალისტებს იმას უწუნებს, როგორ წარადგენენ და ხან ხალხს აიძულებს, ყოფილს - მოქმედი პრეზიდენტი უწოდონ.

ოპოზიციურ ველზე მიმდინარე შიდა ომი სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკას აძლიერებს, რადგან დადასტურდა ის, რასაც "ოცნების" გუნდი წლების განმავლობაში ამბობდა. "ქართულ ოცნებაში" უკვე ღიად აცხადებენ, რომ ოპოზიცია თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა - 2028 წლისთვის სააკაშვილისა და მისი დანაყოფების სრული განეიტრალება - ფაქტობრივად, თავად ოპოზიციის ხელითვე სრულდება.

მომდევნო ორი კვირა "ნაციონალური მოძრაობისთვის" გადამწყვეტია. როდესაც თავისუფალი სკამებისთვის ღია ბრძოლა მორიგ ყრილობაზე დაიწყება, გამოჩნდება, შეძლებს თუ არა პარტია კრიზისის გადალახვას, თუ სააკაშვილის "კარის თამაშები" ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალად თვითგამოცხადებულ პარტიას საბოლოოდ დაასამარებს. ფაქტი კი ერთია: სანამ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რუჯსა და პირად წყენებზე დაფუძნებულ ურთიერთობას არკვევენ, პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში პარტიის შიდა დისკუსიების მიღმა ვითარდება და დღის წესრიგს სხვა აქტორები განსაზღვრავენ.

დღის ამბები