06 აგვისტო 2026,   16:49
ვრცლად
ხელშეკრულებები აზერბაიჯანთან - ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებები ყველა საკვანძო მიმართულებას მოიცავს და ქვეყნის ენერგეტიკულ-სატრანსპორტო უსაფრთხოებას ათწლეულობით განსაზღვრავს

ხელმოწერით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ სიტყვები არ არის და რომ საქართველო-აზერბაიჯანი ერთმანეთისთვის სანდო, ურყევი და პროგრესული მოკავშირეები არიან. ეკონომიკა, ენერგეტიკა, დაკავშირებადობა - ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებები ყველა საკვანძო მიმართულებას მოიცავს და ათწლეულობით განსაზღვრავს ქვეყნის ენერგეტიკულ-სატრანსპორტო უსაფრთხოებას.

ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, კიდევ 20 წლით გახანგრძლივდა, რაც ნიშნავს, რომ სოციალური ტარიფები არ გაიზრდება, ფასი შენარჩუნდება და უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგების მოცულობა. მყარი გარანტიით, ასევე 20 წლით გაფორმდა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის ხელშეკრულება. დამატებითი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ შეთანხმებასაც, რომლის მიხედვითაც, სამწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირებას იწყებს ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენი. ნავთობსადენის აღდგენით ქვეყანა ათეულობით მილიონის პოტენციურ შემოსავალს აღარ დაკარგავს.

აზერბაიჯანულ მხარესთან მთავარი მომლაპარაკებელი და სტრატეგიულ პაკეტზე ხელმომწერიც ეკონომიკის სამინისტრო იყო. სწორედ ამ უწყებამ გამოაქვეყნა დღეს საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ორივე ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ენერგოკომპანიებს შორის შეთანხმებების ძირითადი კომერციული პირობები, 15 ოქტომბრამდე გაფორმდება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სექტორში მიღწეული შეთანხმება ერთის მხრივ აძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი ამყარებს ქვეყნის, როგორც რეგიონული, სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას..

დაკავშირებადობის მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება შედგა რკინიგზის სექტორშიც. ენერგეტიკული ხელშეკრულებების პარალელურად, სრულ ექსპლუატაციაში შედის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი. რკინიგზის სრულმასშტაბიანი ოპერირებით ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დრო მნიშვნელოვნად მცირდება, საქართველოს სატრანზიტო როლი კი შუა დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესის ფონზე, უფრო იზრდება. შესაბამისად, იზრდება საქართველოს ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალიც. ტრანსპორტის სექტორში კიდევ ერთი მიღწევა 6 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო მატარებლების რეისების განახლებას უკავშირდება.

ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისიდან აღდგება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის ოპერატორი კი საქართველოს რკინიგზა იქნება. ქართული მხარის შეფასებით, ბაქოში მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საკვანძო როლს - შუა დერეფნის ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში..

გრძელვადიანი ხელშეკრულებები, რომელიც მოსახლეობისთვის ენერგორესურსებით სტაბილურ უზრუნველყოფას და სოციალური დაცვის გარანტიებს ქმნის - ექსპერტების შეფასებით, კონკრეტული შედეგები, რომლითაც სამთავრობო დელეგაცია თბილისში დაბრუნდა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე ომების ფონზე საიმედო კავშირები სანდო სტრატეგიულ პარტნიორთან.

შუა დერეფანში ყველაფერი საქართველოს გავლით ხდება, საქართველო და აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ერთად ქმნიან მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონს - ეს ილჰამ ალიევმა ჯერ კიდევ გასულ თვეს განაცხადა, როდესაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სწორედ მაშინ დაანონსდა საერთო პროექტები და ინვესტიციების გაზრდის ახალი პერსპექტივები.

დღის ამბები