07 აგვისტო 2026,   01:24
ვრცლად
ვეტერანი მალხაზ თოფურია ბარამიძეზე: მისი განცხადება უკვე აფხაზურ და რუსულ საიტებზე ტრიალებს, რომ ქართველები ვიყავით სადისტები, მხვრიტავები და რუსული წესრიგი ყოფილა ტყვეებთან ჰუმანური მოქცევა

აფხაზეთის ომის ვეტერანის, მალხაზ თოფურიას განცხადებით, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ, ემსახურება მტრის ინტერესებს და აზიანებს საქართველოს პოზიციებს. თოფურიას თქმით, ეს პროვოკაციული ტყუილი უკვე აქტიურად ვრცელდება რუსულ და აფხაზურ პლატფორმებზე, რითაც უდიდესი დარტყმა ადგება ქართული მხარის მიერ ტყვეთა წამებისა და ეთნიკური წმენდის ფაქტების გამოსავლენად გაწეულ მრავალწლიან სამუშაოს.

"მისგან არ მიკვირს, იმიტომ რომ ის ყოველთვის მიდრეკილი იყო მკვლელებთან და სადისტებთან მეგობრობისკენ. მისი ეს განცხადება უკვე აფხაზურ და რუსულ საიტებზე ტრიალებს ჩვეულებრივად, თითქოს ეს არის ქართველების მონაცემი, რომ ქართველები ვიყავით სადისტები, მხვრიტავები და რუსული წესრიგი ყოფილა ტყვეებთან ჰუმანური მოქცევა. ეს მე არც მიგრანიანს უთქვია და არც სალავიოვს, ეს თქვა გიორგი ბარამიძემ, მრავალგზის დეპუტატმა და მრავალგზის სხვადასხვა ძალისმიერმა მინისტრმა.

მარტის შემოტევების შემდეგ, როდესაც უამრავი ტყვე გვყავდა და უამრავი დაღუპული დარჩა აქეთა მხარეს, აფხაზებს, აუცილებელი გახდა ამ დაღუპულების, ამ დაჭრილების, ამ ტყვეების გაცვლა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის. ამ მისიით ორი კვირა გავატარე ფრონტის ხაზის იქითა მხარეს, კერძოდ, გუდაუთაში და დავდიოდი სოფელ-სოფელ და მათ შორის მოსახლეობის გაცვლა, სხვათა შორის 300-300-ზე გაიცვალა. დავბრუნდი, ვხედავ ტელევიზორში გიორგი ბარამიძეს, ახალ ჩამობრძანებულს სოხუმში, როგორ იძლევა ინტერვიუს, რომ რა სირთულეები გადახდა ამ გაცვლაზე. როდესაც მოვიკითხეთ და მოვიპატიჟეთ - რატომ იკადრა ეს, განაცხადა, რომ თქვენთვის ეს უმნიშვნელოა, მე კარიერისთვის მჭირდებაო. ის არის მეხუთე კოლონის ტიპური წარმომადგენელი. ამით ჩვენ დაგვაყენა, მთელი საქართველო დაგვაყენა უდიდესი დარტყმის ქვეშ. ჩვენი კომისიების ნამუშევარი გენოციდზე, ტყვეთა წამებაზე, ეთნიკურ წმენდაზე, ყველაფერი გახადა, გაათანაბრა ყველაფერი ამ ტყუილით, ამ სიბინძურით, რაც მან იკადრა," - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის განცხადებებს, რომელმაც იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში თქვა, რომ ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ.

დღის ამბები