06 აგვისტო 2026,   14:21
ვრცლად
თბილისში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია გრძელდება - დედაქალაქის მერიამ მთაწმინდის რაიონში მდებარე ორი უნიკალური შენობის რეაბილიტაცია დააანონსა

XIX საუკუნით დათარიღებული შენობა, რომელიც უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა, არაერთ ადამიანურ ისტორიასაც ინახავს. წლების განმავლობაში, ხანძრისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტური იერსახის აღდგენის მიზნით, თბილისის განვითარების ფონდი რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტს განახორციელებს.

სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში, გამაგრდება შენობის საძირკველი. პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ხის შუშაბანდები და კარ-ფანჯრები. სრულად განახლდება სართულებს შორის გადახურვები. პროექტის დასრულებას განსაკუთრებულად ის 24 ოჯახი ელოდება, რომელსაც კუთვნილი საცხოვრებელი ფართობი გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაგბარდება.

შენობა თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. რთულ რელიეფზე აგებული ნაგებობა ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის. დამთვალიერებელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. ისტორიული ბაღი კი ძეგლს უფრო მიმზიდველს ხდის, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ხის კარი და ეზოს ავთენტური ელემენტები.

გასული საუკუნის თბილისურ ისტორიას ინახავს პეტრიაშვილის ქუჩის N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიც. ხის ავთენტური კიბეები, ორნამენტული მოაჯირები და ფასადის დეტალები მნახველს ძველ თბილისურ ატმოსფეროში აბრუნებს. ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს III კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს, თუმცა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შენობა სრულად აღდგება და პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

დღის ამბები