უმრავლესობის ლიდერის თქმით, ყოფილ მმართველ ძალას მორალური უფლება არ აქვს, სპეკულირებდეს რუსეთის ფაქტორით, მაშინ, როდესაც ოკუპანტი მათთვის ომის დამნაშავე მხოლოდ უკრაინაში შეჭრის გამო გახდა. რატომ არ დაიწყეს ე.წ. რუსოფობიის კამპანია 2008 წლის სამხედრო აგრესიის შემდეგ? - ირაკლი კირცხალიას თქმით, სააკაშვილმა და მისმა პარტიამ დავალება მხოლოდ 2022 წელს მიიღეს, როდესაც ანტირუსული განწყობების გაღვივება გლობალური ძალების ინტერესებს დასჭირდა. მანამდე კი, ყველაფერი გააკეთეს ოკუპანტ ქვეყანასთან ლოიალური ურთიერთობისთვის.
რატომ დასჭირდათ რუსეთის ომის დამნაშავედ შეფასებისთვის 14 წელი - დრო აგვისტოს ომიდან უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე? - სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლების ნაწილი მეორე დღეა ცდილობს, თავი აარიდოს შეკითხვაზე პასუხს.
ირაკლი ფავლენიშვილმა დღეს საუბარი არ ისურვა, თუმცა გუშინ ღიად თქვა, რომ რუსეთთან სააკაშვილის ხელისუფლების დათბობის პოლიტიკა ევროპაში არსებული ძალებისგან მომდინარეობდა. მის მსგავსად, დღეს უკვე სხვებიც ცდილობდნენ "ნაცმოძრაობის" მმართველობის გეოპოლიტიკური ფაქტორებით გამართლებას და ევროპის დადანაშაულებას, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერასა და სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაში.
ამ განცხადებებით, ფაქტობრივად აღიარეს ის, რასაც "ქართული ოცნებაც" აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციებს ევრობიუროკრატების მაშინდელი განწყობები წყვეტდა, ისევე, როგორც დღეს. გარე დავალების უსიტყვო მორჩილება და ნული შესაძლებლობა მანევრირებისთვის - უმრავლესობის თქმით, სწორედ ამ დღის წესრიგზე არიან დამოკიდებული „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები ახლაც, როდესაც საკუთარი შეცვლილი რიტორიკით საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას.
სააკაშვილი მაშინ ლარსზე რუს ტურისტებს თბილადაც ხვდებოდა და რუსეთს მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნიდანაც უცხადებდა.
"ნაცმოძრაობის" ხელისუფლება უკვე ოკუპანტ ქვეყანასთან აუქმებდა სავიზო რეჟიმს და აღრმავებდა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც.
დღეს თავადვე უწოდებენ ყველაფერს რუსულს, რაც არ მოსწონთ, მათ შორის ხელისუფლებასაც, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ დავა მოიგო სტრასბურგშიც და ჰააგაშიც. სამართლებრივი პროცესი სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო და არა "ნაციონალურმა მოძრაობამ."
რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წელსაც, თუმცა ანტირუსული განწყობები ოპოზიციას წლების დაგვიანებით გაუმწვავდა. მიზეზებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ანალიტიკური წერილი ჯერ კიდევ გუშინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ქართულმა ოპოზიციამ აგვისტოს ომის შემდეგ დუმილი ამჯობინა, როდესაც გაცილებით დიდი ლეგიტიმაციის პირობები არსებობდა. გააქტიურდნენ მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რადგან ე.წ. რუსოფობიის დავალება მათ სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიიღეს, რაც, თავის მხრივ, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თანმდევი საინფორმაციო ომის ნაწილი უნდა ყოფილიყო.
412 დაღუპული, 2 ათასზე მეტი დაჭრილი, ათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში და დაკარგული 120 სოფელი - სწორედ ეს შედეგი მიიღო საქართველომ 2008 წელს. აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა და ამ დრომდე ღიად რჩება შეკითხვაც - რატომ მოაწერა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც ქართველ სამხედროებს ფაქტობრივად ომის დაწყება დააბრალა?