უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კვლევითი ინსტიტუტები, ლაბორატორიები, ტექნოლოგიური ცენტრები, სახელმწიფო აკადემიები და განათლების სფეროსთან დაკავშირებული სტრუქტურები - ვაშინგტონი, პეკინის გავლენის აღკვეთის მოტივით, ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებს ასანქცირებს.
ფუდანის, შანხაის ჯიაო ტონგის, ბეიჰანის და ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტები, ამერიკულ სასანქციო რეესტრში სხვა ჩინურ საგანმანათლებლო დაწესებულებების გვერდით უკვე იძებნება. პენტაგონმა გადაწყვეტილება ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კონკრეტულ დებულებას დაუკავშირა.
ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ჩინეთის კომერციის სამინისტრო კრიტიკით გამოეხმაურა. პეკინის განცხადებით, შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების მოტივით ჩინურ კომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რითაც საერთაშორისო ვაჭრობის წესებს არღვევს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ჩინური მხარე ვაშინგტონს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს.
ორი ქვეყნის შეფასებები რადიკალურად განსხვავდება. თუ პეკინი გადაწყვეტილებას ეკონომიკურ ზეწოლად აფასებს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ სანქციების მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და სტრატეგიულ სფეროებში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაა. ამასთან, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ღიად აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას, რათა გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ჩინეთის დომინანტური პოზიცია შესუსტდეს.
გადაწყვეტილების რეალურ მოტივებზე საკუთარ მოსაზრებას ჩინური მედია აქვეყნებს. გავრცელებული შეფასებით, სანქციების უკან არა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, არამედ ჩინეთის ტექნოლოგიური აღმავლობის შეკავების მცდელობა დგას.
ცნობილია, რომ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის შეზღუდვების სიაში ჩინეთის არაერთი უნივერსიტეტი და კვლევითი ორგანიზაციაა შეტანილი. ამ დაწესებულებებთან ტექნოლოგიური თანამშრომლობა და გარკვეული პროდუქციის მიწოდება მხოლოდ სპეციალური ნებართვის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე