"დიუშენის" კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები მედიკამენტ "ჯივინოსტატით" მკურნალობის დაწყებას სექტემბრიდან შეძლებენ. მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებას პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც პრეპარატს შეიძენს და "დიუშენის" სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს. "ჯივინოსტატის" გარდა, საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებები დაწყებული აქვს კიდევ ერთი მედიკამენტის შეძენაზე.
ინოვაციური მედიკამენტის შეძენას წინ რამდენიმე თვიანი აქტიური მოლაპარაკება და მუშაობა უძღოდა. "იტალფარმაკო" ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც "ჯივინოსტატის" ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლებისთვის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ორ მთავარ ფაქტორზე იყო დამოკიდებული - წამლის უსაფრთხოების გარანტია და მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა. საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის შემდეგ კი, ბევრ სახელმწიფოზე გაცილებით უფრო სწრაფად, საქართველო ინოვაციურ პრეპარატს საკუთარ მოქალაქეებს შესთავაზებს.
მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "დიუშენის" კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლები უპრეცედენტოს უწოდებენ. ამბობენ, რომ მიღებული დაპირება დათქმულ ვადაში შესრულდა. მათ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ პრემიერ-მინისტრთან, ამის შემდეგ კი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროში. მედიკამენტის შერჩევის პროცესში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.
"დიუშენის" სინდრომის მქონე პაციენტები სახელმწიფოსგან მულტიდისციპლინურ სერვისსაც იღებენ, თუმცა იშვიათი დაავადების მკურნალობაში მედიკამენტის ჩართვას ეფექტიანს უწოდებენ სპეციალისტები. ნევროლოგების შეფასებით, ამ ეტაპზე "ჯივინოსტატი", ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სხვა პრეპარატებთან შედარებით, ყველაზე მისაღებია. მედიკამენტებით მკურნალობა დაავადების პროგრესირებას აჩერებს და პაციენტების მდგომარეობას აუმჯობესებს.
„ჯივინოსტატი“ ბრიტანეთის მარეგულირებელმა სააგენტომ "დიუშენის" კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის დასაშვებად მაისის ბოლოს ცნო. საქართველოში ის ხელმისაწვდომი უახლოეს ერთ თვეში გახდება. სულ მალე კი, სახელმწიფო პროგრამა უფრო გაფართოვდება და, იშვიათი დაავადების სამკურნალოდ, ქვეყანაში, "ჯივინოსტატის" გარდა, დამატებითი მედიკამენტიც შემოვა.